ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ქრთამის აღების ბრალდებით სიღნაღის საკრებულოს წევრები დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გიორგი მათეშვილი, ამავე საკრებულოს წევრი იოსებ ბეგიაშვილი და სიღნაღის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი, ბესიკ ბალარჯიშვილი დააკავა.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახური აცხადებს, გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 1 ლარად შესყიდვაში დახმარების სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს 100 000 ლარი, ხოლო წინასწარ გამოართვეს 60 000 ლარი. დაკავებულთა პირადი ჩხრეკისას საგამოძიებო სანსახურის მიერ ამოღებულია ქრთამის სახით აღებული თანხა.

საქმეზე  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილი „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე ვადით.

იტვირთბა....