“ოცნება” დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში თოთხმეტი დეპუტატის მიერ შეტანილ ინიციატივას, ოლიგარქი ივანიშვილის სანქცირების შესახებ, “დიფ სთეითს” უკავშირებს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც უმრავლესობის პარტიის პოლიტსაბჭომ გაავრცელა.
“უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც დიდი ბრიტანეთია, დღეს „დიფ სთეითმა“, იგივე გლობალურმა ომის პარტიამ, ზუსტად ისეთივე თავის მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი.
დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში, ცხადად წარმოჩინდება, რომ „დიფ სთეითმა“ დიდი ბრიტანეთი უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ევროპარლამენტის დონემდე დაიყვანა, რაც ამ სახელმწიფოს ისტორიული წარსულის გათვალისწინებით, გამორჩეულად ტრაგიკულ მოვლენად უნდა შეფასდეს.
სანქციების დაწესების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის, როგორც სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ძირითად უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს, ავტორიტეტი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს. თუმცა, იმ ფონზე, რომ „დიფ სთეითმა“, ანუ გლობალურმა ომის პარტიამ, არაერთი სახელმწიფო ფიზიკური განადგურებისთვის გაწირა, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოებრივ-მორალური განადგურება და დაკნინება ბევრად ნაკლებად ტრაგიკული მოვლენაა“, – წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, 14-მა დეპუტატმა ბრიტანეთის თემთა პალატაში წარადგინა წინადადება, რომლითაც მოთხოვნილია ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება.