მედიაომბუდსმენი ნათია კაპანაძე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს მიმართავს.
„პატივცემულო მოსამართლევ,
ახლა თქვენ სამოსამართლეო პრაქტიკაში დემოკრატიული სისტემისთვის ერთ-ერთ გამორჩეულ და ჩვენი ქვეყნისთვის – საბედისწერო საქმეს განიხილავთ.
განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა შპს „გაზეთი ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი.
ადამიანი, რომელიც თავისი სიმამაცის, დემოკრატიის ერთგულების, გაბედული სამოქალაქო პოზიციისა და სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცვის გამო არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების/ხელისუფალთა მთავარი სამიზნე.
გირაოს სანაცვლოდ მზია ამაღლობელის გათავისუფლება დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორი გავლენიანი და მიუკერძოებელი გამოცემისა და საერთაშორისო სტანდარტების მქონე სარედაქციო გუნდის მუშაობის გასაგრძელებლად. მზია ამაღლობელი არ წარმოადგენს საფრთხეს, არ აპირებს მიმალვას, ასევე არ შეუქმნის საფრთხეს მოწმეებს. უნდა იცოდეთ, რომ მისთვის მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა არ გამოიწვევს არც მტკიცებულებების განადგურებას.
უმორჩილესად გთხოვთ, განიხილოთ ჩემი წერილი, როგორც მედიის თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანის გულწრფელი მხარდაჭერა.
მე, ნათია კაპანაძეს, 2010 წლიდან, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის იურისტად მუშაობის შემდეგ, “გაზეთი ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” წარმომადგენლების უფლებების დაცვის მიზნით, არაერთხელ მომიწია მზია ამაღლობელთან საქმიანი გადაკვეთა.
2010 წლიდან დღემდე დავინახე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც სასამართლოსთვის გადამწყვეტი ფაქტორიც კი აღმოჩნდება ახლა განსასჯელის სკამზე მყოფი მზია ამაღლობელის შესაფასებლად და გირაოს შეფარდების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად“, – აღნიშნულია მიმართვაში.
შეგახსენებთ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს 11 საათზე იმსჯელებს.
11 იანვარს, ბათუმში, მთავრობის სასახლის წინ გამართულ აქციაზე ამაღლობელი პოლიციასთან დაპირისპირების მოტივით დააკავეს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.