აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

პაატა სალია „ქართული ოცნების“ დეპუტატი ხდება

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” ყოფილი დირექტორი და ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის წევრი ხდება. „ქართული ოცნების“ სიის 96-ე ნომერი ამბობს, რომ არ აპირებს საპარლამენტო მანდატზე უარის თქმას – ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

„ჩვენი პოლიტიკური შეხედულებები, მრწამსი და ზოგადად ის, თუ როგორ წარმართავს „ქართული ოცნება“ თავის პოლიტიკას, როგორ ვითარდება ქვეყანა, ამის გამო გადავწყვიტე, ვყოფილიყავი პარტიის წევრი. მივიღე შეთავაზება და მაშინვე დავთანხმდი“, – განაცხადა პაატა სალიამ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, მათ შორის ევროინტეგრაციის მიმართულებით, არ შეცვლილა. მათ შორის, არ შეცვლილა არც 28 ნოემბერს გამოცხადებული გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან არ დააყენებს საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

„მე არ ვთვლი, რომ რაიმე სახით ჩვენი საგარეო კურსი შეიცვალა. ვფიქრობ, რომ ბევრმა ადამიანმა არასწორად გაიგო… მე არ აღვიქვამ, რომ რაიმე პროცესი არის შეჩერებული“, – ამბობს პაატა სალია.

ის ამ დრომდე არის შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის” დირექტორი. ამ შპს-ს ეკუთვნის ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” 10%-იანი წილი. მისი თქმით, ამის მიუხედავად, არ გაჩნდება კითხვა ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის ქართული ოცნების“ მიმართ მიკერძოებასთან დაკავშირებით.

„რუსთავი 2″ არის დამოუკიდებელი ტელევიზია და მაყურებელმა უნდა შეაფასოს მისი სარედაქციო პოლიტიკა“, – თქვა პაატა სალიამ.

„ვთვლი, რომ დამოუკიდებელი ტელევიზიაა, აქვს თავისი სარედაქციო პოლიტიკა და მაქსიმალურად ობიექტურად აშუქებს მოვლენებს… კრიტიკული მასალა ძალიან ბევრი მახსენდება, თუმცა ჩამოთვლას არ შევუდგები“, – ამბობს ის.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 დეკემბერს, პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტა „ქართული ოცნების“ რვა დეპუტატს:

ირაკლი კობახიძეს (პრემიერ-მინისტრი) – 78 მომხრე;
მაკა ბოჭორიშვილს (საგარეო საქმეთა მინისტრი) – 79 მომხრე;
ანრი ოხანაშვილს (იუსტიციის მინისტრი) – 77 მომხრე;
დავით სონღულაშვილს (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი) – 76 მომხრე;
მარიამ ქვრივიშვილს (ეკონომიკის მინისტრის მოადგილე) – 81 მომხრე;
ბიძინა ივანიშვილს („ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე) – 74 მომხრე;
ირაკლი ღარიბაშვილს („ქართული ოცნების“ თავმჯდომარე) – 78 მომხრე;
მიხეილ ყაველაშვილს („ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი) – 75 მომხრე.

წყარო: radiotavisupleba.ge

იტვირთბა....