ახალი ამბები მთავარი

“შეგახსენებთ, რომ სწორედ ქართული ოცნების ქმედებებმა მიგვიყვანა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებამდე” – საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი ანიტა ჰიპერი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი ანიტა ჰიპერი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

განცხადებაში ჰიპერი ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერას გამოხატავს და გმობს რეჟიმის სამართალდამცავების მიერ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების უკანონო დაკავებასა და მათ წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას.

ევროკავშირის სპიკერის თქმით, ბრალდებები დაკავებულთა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ გამოძიებულ უნდა იქნეს. მისივე ცნობით, დამატებითი ზომებს ევროკავშირი 16 დეკემბერს დაგეგმილ საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე განიხილავს.

“თითქმის ორი კვირაა, რაც ქართველი ხალხი დემოკრატიისა და ევროპული მისწრაფებების იცავს და გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენებისას პოლიციის მხრიდან სასტიკ, არაკანონიერ ძალასთან [გამკლავება უწევს]. დემონსტრანტებისა და ოპოზიციის ლიდერების თვითნებური დაკავებები გრძელდება, მედიის წარმომადგენლები კი სამართალდამცავებისა და არაფორმალური ძალადობრივი ჯგუფების კონკრეტული სამიზნეები არიან.

400-ზე მეტი პირი დააკავეს და, არსებული ცნობებით, 300-ზე მეტი პირი გახდა ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი, მათგან ბევრს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა დასჭირდა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის შემაშფოთებელი ცნობები მიუთითებენ მძიმე და განზრახ ძალადობაზე, რაც იწვევს საფუძვლიან ეჭვს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ. მიუხედავად ამ ცნობებისა, ჯერჯერობით არცერთი პოლიციელი ან არაფორმალური ძალადობრივი ჯგუფების წევრი [დასჯილა].

ევროკავშირი გმობს ამ რეპრესიულ ქმედებებს აქციის მონაწილეების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ და მოუწოდებს [მთავრობას] ყოველი დაკავებულის მყისიერი გათავისუფლებისკენ. ევროკავშირი მოითხოვს, დამთავრდეს გავრცელებული დაშინება, პოლიტიკური დევნა და მოქალაქეების სავარაუდო წამება და არაადამიანური მოპყრობა. ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, დაცული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობაში.

წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ყოველი ბრალდება დამაჯერებლად უნდა იქნეს გამოძიებული. ჩვენ მოვუწოდებთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე სახალხო დამცველს, რომ გააგრძელონ საქართველოში ადამიანის უფლებების ფართოდ გავრცელებული დარღვევების დოკუმენტირება.

ჩვენ მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას დეესკალაციისკენ და [შექმნილი] გარემოს დასრულებისკენ, რომლისთვისაც ქართველი ხალხი მძიმე საფასურს იხდის. ძალადობა პასუხი არ არის აქციის მონაწილეების მოთხოვნებზე საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ქართული ოცნების ქმედებებმა მიგვიყვანა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებამდე. განგრძობად დემოკრატიულ უკუსვლასა და ხელისუფლების მიერ გამოყენებულ] ბოლოდროინდელ რეპრესიულ საშუალებებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე გავლენა ექნება. ევროკავშირი 16 სექტემბერს დაგეგმილ საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე დამატებით ზომებს განიხილავს.

ევროკავშირი სოლიდარობით დგას ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების გვერდით”.

იტვირთბა....