“დაკავების მომენტში, მარცხენა ჯიბეში ჩამიდეს ნარკოტიკი, ვიგრძენი ჩადება, მერე გადამიყვანეს რამდენიმე მეტრით ხესთან, ხელები ამაწევინეს და იქ დაიწყეს ოფიციალური ჩხრეკა” – ამის შესახებ ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულმა ექიმმა გიორგი ახობაძემ განაცხადა.
“ჯერ ბრალი არ წარუდგენიათ. გუშინ გამომძიებელს ვესაუბრე, ვკითხე, ექსპერტიზის დასკვნა ხომ არ იყო მოსული. მითხრა, რომ მე-6 ნაწილი იქნებაო, რაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს.
გიორგი ახობაძე შიმშილობს, ძლივს დავითანხმეთ, რომ წყალი დალიოს, სითხე მიიღოს. ნარკოტიკული საშუალება ჩამიდესო ამბობს და დეტალურად აღმიწერს ყველაფერს – რა ადგილას ჩაუდეს, სად გააჩერეს, როგორ გაჩხრიკეს. როგორც იხსენებს, ვიდეოს არავინ იღებდა, ვნახოთ, იქნება თუ არა საქმეში ვიდეო. დაკავების მომენტში, მარცხენა ჯიბეში ჩამიდეს, ვიგრძენი ჩადება, მერე გადამიყვანეს რამდენიმე მეტრში, ხესთან, ხელები ამაწევინეს და მერე დაიწყეს ოფიციალური ჩხრეკაო.
აქციაზე იყო მეგობართან ერთად, სახლში ბრუნდებოდა – წერეთელზე მეგობარი უნდა დაეტოვებინა და მერე უნდა წასულიყო სახლში, საბურთალოზე. 02:00 საათზე დააკავეს“ – აცხადებს ახობაძის ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე.
წყარო:interpressnews.ge