“არ შეიძლება, რომ ნებისმიერს მიადგე და მოსთხოვო, რომ ჩანთა გახსნას – ზედაპირულ დათვალიერებასაც სჭირდება საფუძველი” , – ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა, სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ წარმომადგენელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომელიც მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მივიდა, სადაც პოლიცია მეტროსადგურიდან ამოსულ მოქალაქეებს ამოწმებს.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, პოლიციელების მიერ არ ხდება ოქმის შედგენა, რაც პოლიციის შესახებ კანონის დარღვევაა.
„უკვე რამდენიმე დღეა, აქ ხდება მოქალაქეების უკანონო ჩხრეკა. უნდა ვთქვა, რომ ჩხრეკის გარდა ზედაპირულ დათვალიერებასაც სჭირდება საფუძველი. პოლიციელმა უნდა დაასაბუთოს, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადამიანს შესაძლებელია ჰქონდეს რაიმე დანაშაულებრივი ნივთები. არ შეიძლება, რომ ასე ნებისმიერს მიადგე და მოსთხოვო, რომ ჩანთა გახსნას. გარდა ამისა ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში უნდა შედეგს შემოწმების ოქმი, რაც ვიცი, რომ არ ხდება და ესეც არის პოლიციის შესახებ კანონის დარღვევა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.