“ძლიერი საქართველოს” წევრს, ალეკო ელისაშვილისა და “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესები სავარაუდოდ დღეს გაიმართება.
ალეკო ელისაშვილი გუშინ, დღის ბოლოს, დამატებით სამედიცინო კვლევებზე დროებით “ვივამედის” კლინიკაში გადაიყვანეს. რაც შეეხება ნიკა გვარამიას, იგი ამ დრომდე მარნეულის წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება.
ელისაშვილს გამოძიება “ქართული ოცნების” წევრის, ალი ბაბაევის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებს. გავრცელდა ქუჩაში დამონტაჟებული ვიდეო-კამერის მიერ გადაღებული კადრებიც, სადაც მომხდარი დაპირისპირება ჩანს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ელისაშვილს სამ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
ნიკა გვარამიას შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება, თუმცა კონკრეტულად რა მუხლებს, ჯერ ისევ უცნობია. ადვოკატის ინფორმაციით, სავარაუდოდ, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნის შეუსრულებლობაზეა საუბარი.
შეგახსენებთ, არალეგიტიმური ხელისუფლების ძალოვანმა უწყებამ ნიკა გვარამიას დაკავებისას ძალადობრივი მეთოდები გამოიყენა. ნიღბიანები მას ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ და ფაქტობრივად უგონო მდგომარეობაში წაიყვანეს. ნიკა გვარამია “დროას” ოფისთან იმ დროს დააპატიმრეს, როცა შენობაში მიმდინარე ჩხრეკაზე დასწრებას იურისტის სტატუსით ითხოვდა.