„მეტრონომის“ მიმოხილვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის განახლებულ კონფლიქტზე
მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის კონტროლირებადი ტერიტორიის სოფელ გაშალთეს მაცხოვრებლები ამბობენ, რომ სროლის ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა, ადგილობრივები ცეცხლის გახსნაში სომეხ ჯარისკაცებს ადანაშაულებენ.
პოლიციას კონტროლი გამკაცრებული აქვს და ფაქტობრივად, მედიის წარმომადგენლებს ადგილზე მუშაობის უფლებას არ აძლევენ.
დღეს ცნობილი გახდა გაეროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, რომლითაც ირკვევა, რომ რამდენიმედღიან იერიშებს 33 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის კი 3 მშვიდობიანი მოქალაქე.
მთიან ყარაბაღში ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის ზავის დარღვევაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ. არაღიარებული რესპუბლიკის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ მათი პოზიციების მიმართულებით აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ცეცხლი გამთენიისას ისევ გახსნეს.
აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტის ხაზზე 3 ჯარისკაცი დაკარგა. სომხეთი კი ირწმუნება, რომ მსხვერპლი აზერბაიჯანის მხარეს გაცილებით დიდია და ის 21-ს აღწევს. ამის მტკიცებულებად ერევანი უპილოტო საფრენი აპარატის მიერ გადაღებულ ვიდეო მასალას ავრცელებს.
დღეს, სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზად არის ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების გამო დათმობაზე წავიდეს.
„სომხეთი არასდროს არ იყო წინააღმდეგი წასულიყო ორმხრივ დათმობაზე, რომელიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის რეგულაციისათვის არის გამიზნული, თუმცა ეს შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები და მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა გათავისუფლდება კოლონიზაციის თაობაზე არსებული მუქარისაგან.“ – განაცხადა სარქისიანმა.
თუ ყარაბაღში ფართომაშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო და ომი გაჩაღდა, რა გავლენას მოახდენს ეს საქართველოს უსაფრთხოებასა და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებაზე?
კონფლიქტმა, რომელიც უკვე ითვლება გაყინულ კონფლიქტად რეგიონში, შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეუქმნას საქართველოს.
“კარგად კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის არსებობის შემთხვევაში, საქართველომ შეიძლება დადებითად გამოიყენოს თავისი ინტერესების განსახორციელებლად. ჩვენი ინტერესი კი პირველ რიგში არის რეგიონული მშვიდობა.” – აცხადებს ამერიკის “მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის” წევრი ბათუ ქუთელია.
პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ საქართველო ამ ომიდან ვერანაირ სარგებელს ვერ ნახავს და მეტიც, კონფლიქტის გამწვავება ქვეყნის უსაფრთხოებას შეუქმნის საფრთხეს.
„ეს ომი თუ ვინმეს არ აწყობს, პირველ რიგში საქართველოს, რადგან აზერბაიჯანის და სომხეთის ფრონტის ხაზი გადის ყარაბაღზე და ჩვენი ფრონტის ხაზი თბილისზე, თბილისიდან რუსული ბაზა არის 40 კილომეტრში. ნუ ვიქნებით ილუზიებში და თავს ნუ მოვიტყუებთ, რომ შესაძლოა აზერბაიჯანმა ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინოს და ჩვენი რიგი დადგეს. ამის უფლებას აზერბაიჯანს არ მისცემენ, თუნდაც რუსები.” – აცხადებს შარაშენიძე.
პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე “რადიო თავისუფლებასთან” საუბარში აცხადებს, რომ ყარაბაღის კონფლიქტი საქართველოს და რეგიონს მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის.
“ეს კონფლიქტი რეგიონული მაშტაბის საფრთხეა, ჩვენთვის რა თქმა უნდა სერიოზული საკითხები დგება. ვნახეთ თურქული მხარის განცხადება, რომ ისინი ბოლომდე უჭერენ მხარს აზერბაიჯანს, რუსეთს თავისი ვალდებულებები აქვს. რუსეთ-თურქეთს შორის ბოლო დროს გამწვევებული ვითარება ყველას კარგად მოგვეხსენება და არ მგონია, რომ ვინმეს ინტერესში იყოს ამ კონფლიქტის გამწვავება. დიდ მოთამაშეებს რეგიონში არ სურთ ამ კონფლიქტის კიდევ უფრო დაძაბვა. მათ კარგად ესმით, რომ ყაბარაღის კონფლიქტის ესკალაცია კიდევ უფრო დაამძიმებს საერთაშორისო ყუსაფრთხოებას. აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, რომ ეს დიდი მოთამაშეები მოახერხებენ მთავრობებზე სათანადო ზეწოლას, თუმცა ეს არ იქნება გარანტი იმის, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდეს რეგიონში”. – განაცხადა ცუცქირიძემ.
მთიან ყარაბახში მიმდინარე საომარ მოქმდებებს საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძეც ეხმაურება.
“ძალიან გულსატკენია, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა მშვიდობიანი გზით სხვადასახვა მიზეზის გამო ვერ მოხერხდა. ეს მტკივნეული პროცესია მთელი რეგიონისთვის. ასე რომ, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს. გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები ჩვენს კოლეგებთან როგორც აზერბაიჯანში, ასევე სომხეთში და სრულად ვიღებთ ინფორმაციას”. – აცხადებს კაპანაძე.
ყარაბაღის კონფლიქტის მნიშვნელობა ესმის საქართველოს ხელისუფლებასაც. გუშინ ამ მიზნით, კანცელარიაში შეხვედრა გაიმართა.
პრემიერ-მინისტრმა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებისგან მოისმინა ყველა ინფორმაცია, რაც მთიან ყარაბაღში არსებულ ვითარებას უკავშირდება.
შეხვედრის დასასრულს პრემიერმა კვირიკაშვილმა შეშფოთება გამოთქვა სიტუაციის ესკალაციისა და საბრძოლო მოქმედებების განახლების გამო, რასაც მოჰყვა მსხვერპლი, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით, შესაძლებელი იქნება სიტუაციის დეესკალაცია, რაც მნიშვნელოვანია მთელ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების იმედი აქვს საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი სესიაშვილსაც.
“გუშინ, საქართველოს პრემიერის დავალებით შევიკრიბეთ და ვიმსჯელეთ სავარაუდო სცენარებსა და რისკებზე, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში.
ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით პროცესს და ანალიზს ვაკეთებთ, რა სახით შეიძლება განვითარდეს მოვლენები. ასევე, მჭიდრო კავშირში ვართ პარტნიორ ქვეყნებთან და იმედს გამოვთქვამთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით მოხდება სიტუაციის დეესკალაცია”. – განაცხადა სესიაშვილმა.
კონფლიქტის მოგვარებაში საქართველოს, როგორც მედიატორის როლის ინიციატივით გამოდის კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე.
“ყარაბაღის კონფლიქტის შემთხვევაში პოზიციის არქონაც კი უკვე პოზიციაა. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტინიორი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ იგივე პრობლემა გვაქვს სეპარატიზმის სახით რაც აზერბაიჯანს და ფაქტობრივად ბუნებრივი მოკავშირეები ვართ ამ საკითხში, ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველოსთვის ყველაზე უსაფრთო პოზიციაა მედიაციაზე ორიენტირებული პოზიცია. ამიტომაც საქართველოსთვის ყველაზე გონივრულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს კონფლიქტში ჩაურევლობა. ჩვენ უნდა შევთავაზოთ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე მიდიოდეს მოლაპარაკება”. – განაცახდა კვახაძემ “რადიო თავისუფლებასთან” საუბარში.
ყარაბაღში მიმდინარე პროცესებზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ტელეფონით აზერბაიჯანელ კოლეგას ესაუბრა.
ოფიციალური ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა და მშვიდობის უზრუნველყოფა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო ძალისხმევით შესაძლებელი იქნება სიტუაციის დეესკალაცია, რაც მნიშვნელოვანია მთელს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფად.
“ჩვენ გვინდა მშვიდობა კავსაკიაში.” – ასე გამოეხმაურა განახლებულ კონფლიქტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.
„ვართ შეშფოთებული იმით, რომ მიმდინარეობს შეიარაღებული კონფლიქტი ქართველებისთვის ორ მოძმე ხალხს შორის. ჩვენი პოზიცია იყო და რჩება ურყევი, ჩვენ გვინდა მშვიდობა კავკასიაში, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს უშუალო სამეზობლოში. გვინდა ხელი შევუწყოთ ყველა პრობლემის მშვიდობიანად მოგვარებას, ამიტომ მივესალმებით საერთაშორისო საზოგადოების აქტიურობას ამ პროცესში.“ – განაცხადა უსუფაშვილმა.
თავდაცვის აკადემიის ყოფილი რექტორი „პოლიტკომერსანტთან“ საუბარში საფრთხეებზე საუბრისას რუსეთის როლს უსვამს ხაზს.
„კონფლიქტი კიდე უფრო რომ გამწვავდეს, უახლოეს რამდენიმე კვირაში არამგონია პრობლემა შეგვექმნას. რუსეთს სომხეთში იარაღის საკმაოდ დიდი მარაგები აქვს. მართალია, აზერბაიჯანი სომხეთზე უფრო მდიდარია, მაგრამ რუსეთის დახმარება და სომხეთის ტერიტორიაზე რუსეთის არმიის ბაზების არსებობა, აზერბაიჯანის სიმდიდრეს აბალანსებს. ეს ორი ქვეყანა, საკმაოდ თანასწორი ძალის პატრონები არიან, ამიტომ მე არ ველოდები, რომ ორ-სამ კვირაში იარაღის მარაგები ამოეწურება რუსეთს და კორიდორს მოგვთხოვს. მაგრამ თუ ეს კონფლიქტი გამწვავდა და უფრო ფართო ხასიათი მიიღო, ეს საკმაოდ ცუდი იქნება.
რუსეთმა შეიძლება მოითხოვოს კორიდორი თავის სტრატეგიული პარტნიორის – სომხეთის დასახმარებლად. ასეთ შემთხვევაში ნამდვილად ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, იმიტომ, რომ ერთ მხარეს იქნება აზერბაიჯანი და თურქეთი ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, მეორე მხარეს კი სომხეთი და რუსეთი, ამიტომ რისკები არის. მაქსიმლურად უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, საქმე არ უნდა მივიდეს იქამდე, რომ არჩევანის წინაშე დავდგეთ ორ მეზობელს შორის. არჩევანის გაკეთება ორივე შემთხვევაში ნამდვილად დამაზიანებელი იქნება. ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენც უნდა გავაქტიურდეთ კონფლიქტის დეესკალაციისთვის. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ დასავლელ პარტნიორებთან ერთად, რომ ეს კონფლიქტი არ გაღრმავდეს”. – აცხადებს აგლაძე.
განცხადებების მიუხედავად, ეს გაყინული კონფლიქტი რეგიონის დესტაბლიზაციის პოტენციურ წყაროდ გადაიქცა.
კონფლიქტში ჩართული მხარეებისთვის რეგიონი ძალიან მნიშვნელოვანია.
“ამერიკის ხმის” ინფორმაციით, არჩევნების წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საჭიროების შემთხვევაში ყარაბაღს ძალის გამოყენებით დაიბრუნებს.
შეგახსენებთ, ბრძოლა ყარაბაღისთვის ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში დაიწყო, რომელიც მაშინ აზერბაიჯანის გამარჯვებით და მასზე კონტროლის დაწესებით დასრულდა.
1921 წელს რუსეთმა კავკასიის სამივე სახელმწიფო: სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა, და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაიპყრო. საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგ, ყარაბაღი სომხეთის სსრ-ს გადაეცა, რასაც დიდი საპროტესტო მოძრაობა მოჰყვა აზერბაიჯანში, ხოლო ერევანში ისევ საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული აჯანყება მიმდინარეობდა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, 1921 წელს მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს გადაეცა. 1923 წელს ტერიტორია მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რეგიონად გადაიქცა და აზერბაიჯანის სსრ-ში შევიდა. ამ დროისთვის, ყარაბაღის მოსახლეობის 94%-ს სომეხი ეროვნების მოსახლეობა შეადგენდა. ავტონომიური რეგიონის დედაქალაქი შუშადან ხანკენდში გადაიტანეს, რომელსაც სომხური მხარე სტეფანაკერტს უწოდებს.
დღევანდელი დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 1988 წელს დაიწყო, როდესაც მთიან ყარაბაღში მცოვრებმა სომხებმა სომხეთის რესპუბლიკაში გაერთიანების მიზნით ცალმხრივად გამოაცხადეს აზერბაიჯანისაგან დამოუკიდებლობა. ამ პერიოდში ეთნიკური სომხები სომხეთის დაახლოებით 65 პროცენტს შეადგენდნენ. სომხეთს ტერიტორიული პრეტენზიები გააჩნდა აზერბაიჯანის წინააღმდეგ და სურდა თავისი ტერიტორიების გაფართოებით დიდი სომხეთის სახელმწიფოს შექმნა.
სომხეთის თავდასხმების სერია 1992 წელს დაიწყო. სომხებს მხარს უჭერდა მთიან ყარაბაღში მცხოვრები რუსი მოსახლეობა. ყარაბაღში მცხოვრები ეთნიკური სომხების ამგვარი ზეწოლა შეაიარაღების წყალობით სულ უფრო ღვივდებოდა. შედეგად სომხებმა აზერბაიჯანის ტერიტორიის თითქმის 20 პროცენტი დაიკავეს, მათ შორის მთიანი ყარაბაღი და შვიდი სხვა რაიონიც.
კონფლიქტის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 1994 წელი, როდესაც სომხებმა და აზერბაიჯანელებმა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. მას შემდეგ ეს გაყინული კონფლიქტი რეგიონის დესტაბლიზაციის პოტენციურ წყაროდ გადაიქცა.