საიას ყოფილი თავმდჯომარე, იურისტი ნიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“გუშინ დაკავებულ და ნაცემ ბიჭებზე ძალიან მძიმე ამბებია, მაგრამ მინდა იცოდეთ, როგორი “მშვიდობა” დაგვიმყარა ქართულმა ოცნებამ.
აქციაზე დაკავებულ და სასტიკად ნაცემ ბიჭებს შევხვდი გუშინ და დღეს. ისეთი ხარისხის დაზიანებები აქვთ, რომ იზოლატორში ვერ დატოვეს და კლინიკაში გადაიყვანეს.
დაკავების შემდეგ, ყველა მათგანს სპეცრაზმელები და კრიმპოლები სასტიკად უსწორდებოდნენ და გამეტებით ურტყამდნენ სახეში.
პირდაპირი მნიშვნელობით სახეები აქვთ ჩალეწილი, ძვლების მრავლობითი მოტეხილობები აქვთ (ყბა, საფეთქელი, ცხვირი, თვალის ბუდე) და სახეები არ ეტყობათ, ნაწილი თვალიდან ვერ იყურება.
ყველას თვალის ბუდე აქვს გატეხილი, სადამსჯელო რაზმები ამ ადამიანების თვალებზე ნადირობდნენ ისევე, როგორც 20 ივნისის ღამეს. ის, რაც რეზინის ტყვიით არ გააკეთეს, სახეში გამეტებით წიხლებისა და მუშტების დარტყმით მიაღწიეს.
დაკავებიდან მანქანამდე სანამ მიიყვანდნენ, პოლიციელების კორიდორს ატარებდნენ, სადაც ყველა ურტყამდა მათ. როგორც მითხრეს, მანქანასთან იწყებოდა სრული ჯოჯოხეთი, მანამდე რაც გვცემეს, ის არაფერი იყოვო, ჯერ დაბლა ყრიდნენ, კიდევ სცემდნენ და მათ სხეულებზე ხტუნაობდნენ ისე, როგორც დამპალი რუსი ოკუპანტები გიორგი ანწუხელიძის სხეულზე. ერთმა ისიც მითხრა, რომ წიწაკის სპრეიც შეასხეს ამ მომენტში, თუმცა ისეთი ნაცემები იყვნენ, ვეღარც იგრძნეს.
საშინელება იყო ისიც, რომ მანქანაში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს აბარებდნენ დაკავებულებს, პოლიციელებს კი არავითარი რექცია არ ჰქონდათ იმაზე, რომ სასტიკად ნაცემი ადამიანები მიჰყავდათ მათთან. მეტიც, სიცილითაც ეუბნებობდნენ, მუშტი ვის არ მოხვედრიაო.
ამ ბიჭებს სრული ჯოჯოხეთი გამოატარეს, სამაგალითოდ დასაჯეს და სასტიკად გაუსწოდნენ ის ხალხი, ქართველობას, რწმენას და ოჯახის ღირებულებებს რომ “იცავენ”, სინამდვილეში კი ამ ყველაფერს ამოფარებული ფარისევლები არიან, ეს არც ვაჟკაცის საქციელია, არც ამ ქვეყნის შვილის და არც ქრისტიანის. ამ ყველაფერს ვინც ხელს უწყობთ და ამართლებთ, იმ ხალხს კი ცალკე გაგიხსენებთ.” – წერს ნიკა სიმონიშვილი.