ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა

„ჩვენ ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ“

„მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთ ლიდერ ანი მიროტაძესთან

გუშინ, პარტია „ეროვნული ფორუმის“ ყრილობის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პარტიამ კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. დღეს კი მან საპარლამენტო უმრველოსობაც დატოვა, რის შემდეგაც „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ, ასევე ანი მიროტაძემ, შალვა კიკნაველიძემ და თემურ მაისურაძემაც დაკავებული თანამდებობები დატოვეს.

„მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ”ეროვნული ფორუმი” ტოვებს საპარლამენტო უმრავლესობას, შესაბამისად, მე ვტოვებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის პოსტს, ჩემთან ერთად ტოვებენ თანამდებობებს შესაბამის კომიტეტებში მოადგილეების პოსტებზე მყოფი პირები – შალვა კიკნაველიძე, ანი მიროტაძე და თემურ მაისურაძე”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

„მეტრონომი“ გთავაზობთ ინტერვიუს პარტიის ერთ-ერთი ლიდერთან, ანი მიროტაძესთან, რომელმაც ისაუბრა კოალიციის დატოვების რეალურ მიზეზებზე, პარტიის საარჩევნო სიაზე, თუ ვინ იქნება პირველ ნომრად წარმოდგენილი და „ეროვნული ფორუმის“ სამომავლო გეგმებზე.

„მეტრონომი“: რატომ დატოვეთ კოალიცია? რა არის რეალური მიზეზი? ხომ არ უკავშირდებოდა ეს სიების თემას

ანი მიროტაძე: ჩვენ ვიყავით კოალიციაში თავის დროზე და მთავარი გამოწვევის წინააღმდეგ გავერთიანდით და ეს იყო მიხეილ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის გაშვება, რა დროსაც საჭირო და აუცილებელი იყო ყველა ძალის გაერთიანება, ეს გავაკეთეთ და მოვიპოვეთ ეს უპირობო გამარჯვება. ჩვენ ვრჩებით 2012 წლის გამარჯვების ერთგულები და ვამატებთ იმას, რომ ჩვენ ვიწყებთ ახალი გამოწვევების წინააღმდეგ „ეროვნული ფორუმის“, როგორც პარტიის დამოუკიდებლად მოქმედებას. ეს გამოწვეულია შემდეგი გარემოებების გამო: 1. კოალიციამ თავის თავი ამოწურა; 2. ჩვენ არავისზე გაბრაზებულები არ ვართ და არავის არსაიდან არ გავუგდივართ და მითუმეტეს, საერთოდ ლაპარაკი არ ყოფილა სიებზე, კვოტებზე და ა.შ. ამას სრული კატეგორიულობით ვაცხადებ; 3. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა უნდა შეძლოს, რომ საკუთარი შესაძლებლობით გავიდეს არჩევნებში. „ეროვნული ფორუმი“ არის 10 წლის პარტია, მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი და ყველაზე სტრუქტურიზებული ორგანიზაციაა, მას აქვს რესურსი, ჰყავს ძალიან ცნობილი და მძიმეწონიანი ლიდერები და რაც ყველაზე მთავარია, მის სიტყვას აქვს ფასი. ვინაიდან ჩვენ არასოდეს გვიღალატია ჩვენი თავისთვის და არასოდეს გვითქვამს ტყუილი. ახლაც, ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ხმა ამომრჩევლამდე მივაწვდინოთ და ვუთხრათ სიმართლე, როგორი მწარეც არ უნდა იყოს. შემდეგ ჯერი იქნება საქართელოს მოქალაქეებზე. მე დარმწუნებული ვარ, რომ ჩვენს ხმას ზუსტად ისე გაიგონებს საქართველოს მოსახლეობა, როგორც გვინდა რომ მივიტანოთ ეს ხმა და შესაბამისი და ადექვატური პასუხი დარწმუნებული ვარ იქნება ოქტომბრის არჩევნებზე მათი მხრიდან.

– როგორია თქვენი მოლოდინი არჩევნებიზე? მასში დამოუკიდებლად  მონაწილეობა თქვენი მხრიდან პოლიტიკურად რამდენად გამართლებულია?

– გავიგე, თქვენ ბარიერზე მეკითხებით. გეტყვით, რომ ჩვენ არც განვიხილავთ ბარიერს. რამდენიმე პირობა არსებობს: 1. არჩევნები უნდა იყოს თანაბარუფლებიანი და სამართლიანი 2. რაც ყველაზე მთავარია გამჭირვალე უნდა იყოს, ყველა შემთხვევაში კონკურენტუნარიანი უნდა იყოს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ხელისუფლებას და არც არავის, არ უნდა ჰქონდეს ცდუნება, რომ იმის, რომ მოიპაროს ამომრჩევლის ხმები. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ გვქონდა ძალიან დიდი გამოწვევები ბევრი წლის განმავლობაში, როდესაც ხელისუფლებაში მყოფი ძალები ხშირ შემთხვევაში პარავდნენ ხოლმე ხმებს ამომრჩეველს და ამით იხანგრძლივებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის უპირატესობას. იმედი მაქვს, რომ ამის ცდუნება არ ექნება არავის 21-ე საუკუნეში და მგონია, რომ ამ მიმართულებით წინ წავედით. თუ ეს ასე არ იქნება, ეს არა მხოლოდ ცალკეული პარტიის შედეგზე აისახება, არამედ ეს ზოგადად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს 2016 წლის არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხს. ასე რომ, იმედი მაქვს, რომ არც გაუაზრებელი ცდუნებების სურვილი ექნება ვინმეს, არც არათანაბარი მდგომარეობის და ვითარების შექმნის, საარჩევნოდ. ასეთ პირობებში ჩვენ გამარჯვების ძალიან დიდი შანსი გვაქვს.

– ალიანსს ალბათ არ აპირებთ, რადგან თქვით, რომ დამოუკიდებლად აპირებთ არჩევნებზე ასპარეზობას, თუმცა, ისე რომ თქვათ,  შეესაბამება თქვენი პარტიის პლატფორმას რომელიმე პარტიის იდეოლოგია?

–  ჩვენ ნებისმიერ ალიანსს კატეგორიულად გამოვრიცხავთ, მაგრამ რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ველზე არიან გარკვეული პოლიტიკური ძალები, რომელთანაც გარკვეულ თემებთან დაკავშირებით რაღაც თანხვედრები გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად კოალიციაში უნდა შევიდეთ ვინმესთან. ყრილობამ უკვე ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო: ის, რომ არჩევნებზე გავდივართ დამოუკიდებლად და რომ ვტოვებთ კოალიციას.

– პროკურატურის პასუხისმგებლობის საკითხს რაც შეეხება, თქვენ ერთ-ერთმა პირველმა წამოჭერით ეს საკითხი. არასამთავრობოები ითხოვენ შოთაძის პასუხისმგებლობას, თქვენ კი რაღაც გარკვეული დრო მიეცით პროკურატურას, მგონი ეს დრო გავიდა, რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

– ჯერ არ ვფიქრობ რომ ეს დრო მაინცდამაინც გავიდა, თუმცა ბევრი დროც აღარ არის. მეც ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველის მხრიდან წამზომი რომ ჩაირთო, ეს ნიშნავს იმას, რომ ცოტა დროში იწელება, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ მიზანმიმართულად და ხელოვნურად ხდება ამის გაწელვა. იმედი მაქვს, რომ ისინი მუშაობენ. მაგრამ თუ გამოძიება არასწორი გზით იქნება წასული და შედეგი არ იქნება გამოძიების, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობის დაყენების საკითხი ლეგიტიმური იქნება. ამ დრომდე, მე არ ვფიქრობ, რომ მაინცდამაინც დღეს უნდა დადგეს ეს საკითხი.

– დავუბრუნდეთ კვლავ პარტიას. კახა შარტავაზე რას იტყვით? იქნება თუ არა ის სიაში წარმოდგენილი და რა ფორმით?

– კახა შარტავა არის „ეროვნული ფორუმის“ ლიდერი და ის იქნება „ეროვნული ფორუმის“ სიის პირველი ნომერი.

ნინო ცხადაია

იტვირთბა....