გერმანიის ხელისუფლება საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით შეშფოთებულია და ელის რომ პროტესტის ფონზე ხელისუფლება უარს იტყვის ძალადობაზე. ამის შესახებ DW წერს.
“გერმანიის მთავრობა დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და თუ ქვეყანა გადაწყვეტს მოლაპარაკებების გზას დაუბრუნდეს, ევროკავშირის კარი ღია რჩება,” – ეს განცხადება პარასკევს, 29 ნოემბერს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა კრისტიან ვაგნერმა სამთავრობო პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„რაც შეეხება თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებს, ჩანს, რომ ქვეყნის ბევრი მცხოვრები არ იზიარებს ხელისუფლების კურსს და ფაქტია, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ამ ადამიანებს აქვთ სრული უფლება, რომ მათი მოთხოვნების მხარდასაჭერად გამოვიდნენ და ჩვენ სამართალდამცავი ორგანოებისგან ველით თავშეკავებას და ძალადობაზე უარის თქმას“, – განაცხადა ვაგნერმა.