ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვგმობთ ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც შეაფერხებს ევროინტეგრაციას” – თსუ-ის სენატი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) წევრები “ქართული ოცების”მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანებიან და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში ვკიტხულობთ, რომ დასაგმობია ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც შეაფერხებს ევროინტეგრაციის და შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებისა და გაძლიერების პროცესს.

“ჩვენ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) წევრები ვაცხადებთ, რომ ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის განმტკიცების, უსაფრთხოების, მშვიდობისა და განვითარების მყარი გარანტიაა.

ამასთანავე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებაშიც გაცხადებულია, რომ „უნივერსიტეტი არის ავტონომიური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, საუნივერსიტეტო განათლების კლასიკურ ევროპულ მოდელზე დაფუძნებული უნივერსალური სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ცენტრი“ და მისი მიზანია „სტუდენტთათვის თანამედროვე სტანდარტის შესატყვისი განათლების მიცემა, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და მართლშეგნების მაღალი დონის მქონე მოქალაქეთა აღზრდა, ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაცია“.

გამომდინარე საქართველოს ცივილიზაციური არჩევანიდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისიიდან, ვგმობთ ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც შეაფერხებს ევროინტეგრაციის და შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებისა და გაძლიერების პროცესს.
მხარს ვუჭერთ უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და თითოეულ მოქალაქეს, რომელიც იცავს და მომავალშიც დაიცავს საქართველოს თავისუფლებასა და ევროინტეგრაციას. ” ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....