იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქმედი თანამშრომლები “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ემიჯნებიან და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პოლიტიკური დღის წესრიგიდან მოხსნა, მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ქვეყნის ინტერესებს:
“სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები, ვაცხადებთ, რომ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა მთლიანად ემსახურებოდა და ემსახურება ქვეყნის განვითარებას, თანამედროვე, ეფექტიანი და მოქალაქის საჭიროებაზე ორიენტირებული საჯარო მმართველობის სისტემის შექმნას, რაც ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატების საფუძველია (მაგალითად: სააგენტოს მნიშვნელოვანი როლი აქვს ვიზალიბერალიზაციის, სერვისების მიწოდების ევროპული პრაქტიკის იმპლემენტაციის, კვალიფიციური, სანდო მომსახურების დანერგვასა და სხვა მნიშვნელოვან პროცესებში). ევროპული სტანდარტების დანერგვა ჩვენი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით უდიდეს ენერგიასა და რესურსს ვხარჯავთ. ეს არ არის მხოლოდ პროფესიული მოვალეობა, არამედ პასუხისმგებლობა თანამოქალაქეებისა და სამშობლოს მომავლის წინაშე.
მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სწრაფვას ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ და ვთვლით, რომ ევროინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი და აუცილებელია მოქალაქეების ღირსეული ცხოვრების უზრუნველსაყოფად. 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პოლიტიკური დღის წესრიგიდან მოხსნა, მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ქვეყნის ინტერესებს.
ვაგრძელებთ მუშაობას იმ პასუხისმგებლობით, რაც აკისრია სააგენტოს და თითოეულ ჩვენგანს, რათა მოქალაქეები კიდევ უფრო სწრაფად და ინტენსიურად გრძნობდნენ იმ ცვლილებებს, რაც ევროპასთან დაახლოებას მოაქვს.
ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა, გავაგრძელოთ საქმიანობა შეუფერხებლად, ევროპული სტანდარტების შესაბამისად და დავიცვათ ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტი ფასეულობები. ვრჩებით ერთგულნი ქვეყნის, მისი კონსტიტუციის, კანონის, საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების, ხალხისა და ევროპული ინტეგრაციის მიმართ, რაც თავის მხრივ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული და განმტკიცებული დათქმაა.”
განცხადება არის ღია და მას შეუძლია შეუერთდეს სააგენტოს ნებისმიერი თანამშრომელი. ამ დროისათვის დოკუმენტს 100-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს