ახალი ამბები მთავარი

დღეს 18:00 საათზე ჟურნალისტთა სოლიდარობის აქცია დაანონსდა

ღეს 18:00 საათზე ჟურნალისტთა სოლიდარობის აქცია დაანონსდა, რომლის ორგანიზატორი “წინაპრებია”.

“28-29 ნოემბერს თბილისში გამართულ მშვიდობიან სახალხო დემონსტრაციას ივანიშვილის რეჟიმმა არაპროპორციული ძალის გამოყენებითა და განსაკუთრებული სისატიკით უპასუხა.
საპოლიციო შენაერთების განლაგება, მათი სტრატეგია და ქცევა ცხადს ხდის მათთვის მიცემულ დავალებას, ყოფილიყვნენ სასტიკები და პერსონალურად დაესაჯათ აქციის აქტიური მონაწილეები, დაენერგათ შიში. საპოლიციო შენაერთები კი განსაკუთრებით სასტიკები იყვნენ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ, რადგან სწორედ ეს ადამიანები ამხელენ ყველაზე ცხადად მათ მიერ ჩადენილ განზრახ დანაშაულს.
ინფორმაციის ხელმისაწვდომობა თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა. ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, დასჯადი ქმედება. ჩვენ არ მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელიც ვალდებულია დროულად გამოიძიოს გამოვლენილი დანაშაულები. სამწუხაროდ ადამიანის, განსაკუთრებით ჟურნალისტური საქმიანობის უფლებებზე მონიტორინგისა და რეაგირების ყველა სახელმწიფო უწყება და არალეგიტიმური რეპრესიული ვერტიკალის ინსტრუმენტებადაა გადაქცეული. მედიის წარმომადგენლებზე ხელისუფლების მიერ წახალისებული და განხორციელებული არცერთი შემთხვევა სათანადოდ არ იქნა გამოძიებული და დამნაშავე სათანადოდ დასჯილი.

მეტიც დამოუკიდებელმა ჟურნალისტურმა გამოძიებებმა ცხადყო, რომ სპეციალური სამსახურები თავად იყვნენ ჩართული მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმების ორგანიზებასა და უზრუნველყოფაში. ვითარებას ამძიმებს ის, საპოლიციო შენაერთები ერთმანეთისგან არ განირჩევიან რაიმე ცხადი ნიშნით, მათი როგორც უწყებრივი, ისე პერსონალური იდენტიფიცირება შეუძლებელია.

მივმართავთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მკაცრი რეაგირება მოახდინონ საქართველოში რუსული მოდელის ავტორიტარული სისტემის შემქნელებისა და მათი უკანონო ბრძანებების შემსრულებელი პირების მოქმედებებზე. საქართველო თავისუფალი ხალხის ქვეყანაა, სადაც მედია, როგორც თავისუფალი პროფესია ყოველთვის იყო, არის და იქნება სახელმწიფო, პროფესიული, თუ პერსონალური თავისუფლებისთვის ბრძოლის ავანგარდში.

ჩვენი დაშინება და შანტაჟი შეუძლებელია. ამ ბრძოლაში ქართული საზოგადოების მხარდაჭერა და სოლიდარობა გვაძლიერებს. დარწმუნებული ვართ, ეს ბრძოლა, ბოლო დიდი რისკებით სავსე ძალისხმევა იქნება, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს, შესაბამისად ავტოკრატული, კრიმინალური მმართველობისგან დაცულ ჟურნალისტურ დამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
ვიბრძოლებთ დამნაშავეების პასუხისგებისთვის და სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა ჩვენს კოლეგას ამ ღირსეული მისიის შესრულებისას მიღებული ტრამვების გამო”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....