ჩვენ ვართ ამაყი და თავმოყვარე ერი დიდი ისტორიით. შესაბამისად, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ევროკავშირში ინტეგრაცია განვიხილოთ როგორც მოწყალება, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, სადაც მანამდე უმრავლესობის სხდომა გაიმართა.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ განცხადება საქართველო არის ევროპული ქვეყანა, რომლისთვისაც ორგანული და ძვირფასია ტრადიციული ევროპული ღირებულებები. როგორც უძველესი ქრისტიანული ქვეყანა, საქართველო ყოველთვის იყურებოდა ევროპისკენ, როგორც ქრისტიანობის დაცვის მთავარი ბასტიონისკენ. ჩვენ ვართ ილია ჭავჭავაძისა და ვაჟა-ფშაველას ქვეყანა, რომლებმაც ევროპული ღირებულებები ქართული სამოქალაქო აზროვნების ლაიტმოტივად აქციეს. ჩვენი პასუხისმგებლობაა საქართველოს ისტორიისა და ჩვენი დიდი წინაპრების წინაშე, საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრად ვაქციოთ.
შესაბამისად, ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანაა, საქართველო 2030 წელს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რისთვისაც ძალისხმევას არ დავიშურებთ. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, თავისი შინაარსით, ორმხრივია და მხოლოდ ორმხრივი შეიძლება იყოს. ჩვენ ვართ ამაყი და თავმოყვარე ერი დიდი ისტორიით. შესაბამისად, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ევროკავშირში ინტეგრაცია განვიხილოთ როგორც მოწყალება, რომელიც ევროკავშირმა ჩვენთვის უნდა გაიღოს. მეტიც, მიგვაჩნია, რომ საქართველოს, თავისი მდიდარი კულტურითა და პოტენციალით, ზუსტად ისევე შეუძლია გაამდიდროს ევროკავშირი, როგორც ევროკავშირს შეუძლია გაამდიდროს საქართველო. ამ ფონზე, ქართველი ხალხისთვის კატეგორიულად მიუღებელია ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების ნაწილის მცდელობა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ცალმხრივ მოვლენად წარმოაჩინონ. კიდევ უფრო მიუღებელია შეურაცხყოფების მთელი კასკადი, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში ამ ადამიანებისგან ვისმენთ. ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა ევროპარლამენტი აქციეს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის შიშველ იარაღად, რაც ევროკავშირის უდიდესი სირცხვილია”– აცხადებს კობახიძე.
მისი თქმით, ევროპარლამენტმა გასული 3 წლის მანძილზე მიიღო სიცრუითა და შეურაცხყოფით სავსე 5 რეზოლუცია, რომლებიც არათუ ქართულმა საზოგადოებამ, ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომაც კი არ გაიზიარა.
“თურქეთს კი, ევროკავშირმა 2005 წელს გახსნილი მოლაპარაკებები 2016 წელს, საერთოდაც, შეუწყვიტა. ტექნიკური თვალსაზრისით, მოლაპარაკებების გახსნიდან ევროკავშირში გაწევრიანებამდე მხოლოდ წელიწად ნახევარი-2 წელიწადი არის საჭირო, 2030 წლამდე კი, ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოება არავის აქვს დაგეგმილი. აქედან ჩანს, თუ რამდენად ხელოვნური და შესაბამისად, უკიდურესად შეურაცხმყოფელია ის შანტაჟი, რომელსაც ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების ნაწილი მოლაპარაკებების გახსნის თემით საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ აწარმოებს. ამასთან, ამ ფონზე, საქართველოს სთხოვენ არა რეფორმებს, არამედ მხოლოდ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ღირსებაზე უარის თქმას ნიშნავს. ეს არის „ენჯეოების“ გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაუქმება, ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის გაუქმება, სანქციების დაწესება და საქართველოს ეკონომიკის ჩვენივე ხელით ჩამოშლა, მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება და სხვ. ჩვენ მხოლოდ ღირსებით ვივლით წინ ევროკავშირისკენ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. 2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ მომზადებული, რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად”– აცხადებს კობახიძე.