ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის საქმეში ახალი დეტალები გამოჩნდა. როგორც „პრაიმთაიმთან“ ინტერვიუში მაგდას და, ლანა პაპიძე ამბობს, შემთხვევის შესახებ პოლიციას ინფორმაცია მაგდა პაპიძის მეგობარმა მამაკაცმა, ოთარ ბერძენიშვილმა მიაწოდა. ოჯახის წევრებს უჩნდებათ კითხვები, საიდან შეიძლებოდა სცოდნოდა ოთარ ბერძენიშვილს მომხდარის შესახებ. როგოც თავად მაგდა პაპიძე ამბობს, მას აღნიშნული ფაქტის შესახებ ბერძენიშვილისთვის არ უთქვამს და მისთვის არც მოკლეტექსტური შეტყობინება გაუგზავნია.
„როდესაც დედაჩემმა პროკურატურაში იკითხა, მკვლელობის შესახებ ვინ შეგატყობინათო, უპასუხეს, ოთარ ბერძენიშვილმაო. საიდან უნდა შეეტყო ბერძენიშვილს ამ მკვლელობის შესახებ? თუმცა ეს მესიჯი რომ ბუნებაში არსებობდეს, პროკურატურა მას ხომ არ დამალავდა მტკიცებულებათა გავლის დროს? წარმოდგენილ მტკიცებულებებს შორის ასეთი არაფერი ყოფილა. პროკურატურა ამ მტკიცებულებას იმ შემთხვევაში ვერ წარმოადგენდა, თუ მესიჯი წაშლილია და დანიშნულია ბერძენიშვილის ტელეფონის ექსპერტიზა“, – განაცხადა ლანა პაპიძემ.
ბრალდებულის და ასევე ამბობს, რომ როდესაც მაგდა პაპიძემ საკუთარი შვილი უგონო მდგომარეობაში ნახა, საავადმყოფო „ლანცეტში“ წაიყვანა.
„პრაიმთაიმი“: როდესაც მაგდამ ბავშვი ნახა ქუჩაში, უგონოდ, რა გააკეთა?“
ლანა პაპიძე: ის ამბობს, რომ ბავში სუნთქავდაო. მანქანაში რომ ჩავსვი, თვალიც გაახილაო.
– მანქანაში რისთვის ჩასვა?
– საავადმყოფოში წაიყვანა
– რომელ საავადმყოფოში?
-„ლანცეტში“. იქ კამერის ჩანაწერიც არსებობს, რომ შეჰყავთ ბავშვი.
– ვისთან შეიყვანა? რომელმა ექიმმა ნახა ბავშვი? იქ გარდაიცვალა ბავშვი?
– იქ მერე გული წაუვიდა მაგდას
– მერე? როცა გონებაზე მოვიდა? რა ხდებოდა?
– მერე უკვე თავისი სახლის ეზოში იყო… აღარ ახსოვს, რა მოხდა…
– ამბობთ, რომ თქვენ თვითონ ატარებთ გამოძიებას პროკურატურის კვალდაკვალ. „ლანცეტში“ არ მისულხართ? არ გიკითხავთ, რომელიმე ექიმმა ნახა თუ არა ბავშვი?
– არა, არ მივსულვარ. მე სახაჭაპურეში ვიყავი…
– გინდათ, ერთად წავიდეთ და გავიგოთ ამ დეტალების შესახებ?
– არც კი მახსოვს, ვინ მითხრა ამ „ლანცეტის“ შესახებ…
– გამომძიებელმა გითხრათ? კამერის ჩანაწერი ნახეთ?
– არა, გამომძიებელმა არა… ვერ ვიხსენებ, ვინ მითხრა…