აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

როდის გახდება ცნობილი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი? – ინფორმაციას მამუკა მდინარაძე ავრცელებს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, დღეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე პრეზიდენტის კანდიდატურასთან დაკავშირებით მსჯელობა არ ყოფილა.

რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს, როგორც მან პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იქნება თუ არა მომავალ მინისტრთა კაბინეტში ცვლილება, ამაზე თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ირაკლი კობახიძე ისაუბრებს.

„პრეზიდენტობის კანდიდატზე დღეს საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი, არცერთი სიტყვა. ჯერ ვნახოთ. რა თქმა უნდა, ვერსიები უამრავი არსებობს, მაგრამ ტყუილად ნუ იმარჩიელებს ნურავინ, ჯერ ჩვენ პოლიტსაბჭოზეც კი ამაზე არ გვიმსჯელია. რაც შეეხება მინისტრების კანდიდატებს და იმას იქნება თუ არა ცვლილება, მოდით, ეს ექსკლუზიური უფლებამოსილება, როგორც ეს კანონითაა გაწერილი, დავუტოვოთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს. სულ რომ დეტალურად ვიცოდე ყველა კანდიდატის შესახებ, ამის თქმის უფლება არცერთ სხვა ადამიანს გარდა ერთისა, ირაკლი კობახიძისა, არ აქვს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩაინიშნოს პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ.

„ამის კონკრეტული ვადა განსაზღვრულია. ჩვენ მომდევნო დღეებში ამ თარიღსაც განვსაზღვრავთ, როცა საქართველოს პარლამენტში პირველი სხდომა ჩაინიშნება“, – აღნიშნა მან.

ცნობისთვის, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი კობახიძე იქნება, პარლამენტის თავმჯდომარედ კი ფრაქცია ისევ შალვა პაპუაშვილს წარადგენს.

იტვირთბა....