ახალი ამბები

40 დაზარალებული და მითვისებული 620 584 ლარი – სხვისი ფულის მითვისების ბრალდებით ხუთი ადამიანია დაკავებული

სხვისი ფულის მითვისების ბრალდებით ხუთი ადამიანია დაკავებული – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დაკავებულები საქართველოში მყოფ მოქალაქეებსა და ემიგრანტებს ატყუებდნენ თითქოს იტალიაში რეგისტრირებული კომერციული ბანკიდან იყვნენ. ირკვევა, რომ ორგანიზებული დაჯგუფების წევრები, ხალხს ფულს იმ პირობით ართმევდნენ რომ თითქოს ამ თანხის საპროცენტო სარგებელი გაიზრდებოდა. დაზარალებულია 40-ზე მეტი ადამიანი. მითვისებული თანხა ნახევარ მილიონ ლარზე მეტია.

დანაშაული სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებულებმა შეიმუშავეს დანაშაულებრივი გეგმა, რომლის მიხედვითაც, ისინი ნდობაში შედიოდნენ საქართველოში და საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებთან, რომლებსაც ატყუებდნენ, რომ თითქოსდა იყვნენ იტალიაში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომერციული ბანკის თანამშრომლები და არწმუნებდნენ, რომ შესაბამისი ფულადი თანხის გადაცემის შემთხვევაში, ისინი მიიღებდნენ მაღალ საპროცენტო სარგებელს.

გამოძიების მიმდინარე ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნული გზით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები, მოტყუებით დაეუფლნენ 40-ზე მეტი მოქალაქის კუთვნილ თანხას, ჯამში – 620 584 ლარის ოდენობით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

იტვირთბა....