თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ეხმაურებიან ჭავჭავაძის გამზირზე ბოლო რამდენიმე დღეში განვითარებულ მოვლენებს და განცხადებას ავრცელებენ, სადაც ისინი ასევე თსუ-ის რექტორის, ჯაბა სამუშიას თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვენ.
“ჩვენ თსუ-ს ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები, სოლიდარობას ვუცხადებთ ახალგაზრდებს, რომლებიც იბრძვიან ამ ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად.
ჩვენ, გააზრებული გვაქვს, რომ ეს ბრძოლა არ არის მოკლევადიანი, თუმცა ასევე ვიაზრებთ ჩვენ პასუხისმგებლობას ამ პროცესების კვალდაკვალ.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ ვართ სტუდენტები, რომლებიც ამ ქვეყანაში არ ვეგუებოდით და არც არასდროს შევეგუებით : რუსეთს, ოკუპაციას, თავისუფლებისა და განათლების უფლების შეზღუდვას.
განათლება უმთავრესი ღირებულებაა, ჩვენ ვიბრძვით ევროპული განათლების იდეებისთვის, სადაც თითოეული ადამიანის უფლება იქნება დაცული და აღიარებული.
ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ თუ როგორ არ გვიშვებენ უნივერსიტეტში, თუ როგორ გვიზღუდავენ განათლების ხელმისაწვდომობას.
გვჯერა და გვწამს, რომ ჩვენი ბრძოლა აუცილებლად გავა ბოლოში, რადგან ჩვენ ვხედავთ სტუდენტებს მეგობარი უნივერსიტეტებიდან ილიაუნიდან, ბათუმიდან, ქუთაისიდან და ყველა ჩვენ სტუდენტს გვაერთიანებს მთავარი ღირებულება ამ ქვეყნის ევროპული და თავისუფალი მომავალი.
ასევე ვითხოვთ ჯაბა სამუშიას გადადგომას, რომელიც პასუხისმგებელია ყველა იმ ფაქტზე და დანაშაულებზე, რომელსაც “ქართული ოცნება” უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ახორციელებს. ეს უნივერსიტეტი ემსახურებოდა საფუძველშივე არა მხოლოდ ცოდნის მიღებას, არამედ უნარებისა და თავისუფლების იდეის გააზრებას. დღეს, ჯაბა სამუშია, ისევე, როგორც “ქართული ოცნება” საფრთხეს უქმნის განათლების უფლების საყოველთაობასა და ამ ქვეყანაში ევროპული განათლების უზრუნველყოფას,” – წერია სტუდენტების განცხადებაში.