ახალი ამბები

რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც პარლამენტის წევრთა არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული და როგორ გაიმართება პირველი სხდომა? – კონსტიტუციონალისტი “მეტრონომთან” საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებამ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში არჩვნების ფარულობასა და საყოველთაობის დარღვევასთან დაკავშირებით სარჩელის შეტანას ითვალისწინებს, საზოგადოების მხრიდან მოზღვავებული ინტერესი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

კითხვებზე, თუ რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა ახალარჩეული პარლამენტის წევრთა არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული და როგორ გაიმართება პირველი სხდომა, “მეტრონომს” კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე პასუხობს.

“როცა პირველი სხდომა შეიკრიბება, მას უნდა ესწრებოდეს არჩეულად გამოცხადებული არანაკლებ 76 პირი და ამის შემდეგ, მათ უნდა აირჩიონ დროებითი ხმის დამთვლელი და სამანდატო კომისიები. დროებით სამანდატო კომისიას უნდა გადაეცეს ცესკოს მიერ წარდგენილი საბუთები, მან უნდა შეისწავლოს ეს საბუთები და პარლამენტს წარუდგინოს იმ პირთა სია, რომელთა უფლებამოსილების ცნობასაც კენჭი უნდა ეყაროს.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, რომელიც კანონის ძალის მქონე აქტია, ამ სიაში არ შეიძლება იმ პირთა შეყვანა, რომელთა არჩევის კანონიერებაც გასაჩივრებულია საკონსტიტუციო ან საერთო სასამართლოში. ამ პირთა უფლებამოსილების ცნობის საკითხი შეიძლება დადგეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც სასამართლოს მიერ მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც მათი არჩევა იყო კანონიერი. რადგან პრეზიდენტმა გაასაჩივრა ცესკოს არჩვნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი და ამ ოქმის ერთი ნაწილი არის იმ 15 პირის სია, რომელიც ცესკომ არჩეულად გამოაცხადა, ამ ოქმის გასაჩივრება ნიშნავს ამ 150 პირის არჩევის კანონიერების გასაჩივრებას. შესაბამისად, სამანდატო კომისიას ასეთი სიის შედგენის უფლება უბრალოდ არ აქვს.

ამდენად, რეგლამენტის დარღვევის გარეშე, პარლამენტს უფლება არ ექნება კენჭი უყაროს ამ პირთა უფლებამოსილების ცნობას.

დროებითმა სამანდატო კომისიამ თავის დასკვნაში უნდა დაწეროს, რომ გასაჩივრებულია ამ პარლამენტის წევრთა არჩევის კანონიერება და ამდენად, სანამ არ იარსებებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, პარლამენტს არ ექნება უფლება, კენჭი უყაროს უფლებამოსილების ცნობას. შესაბამისად, ეს სხდომა უნდა შეჩერდეს, მას მეტი არაფრის გაკეთების უფლება ექნება. მათ შორის, არც პარლამენტის და არც კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევისა” – განაცხადა “მეტრონომთან” ინტერვიუში ვახტანგ ხმალაძემ.

იტვირთბა....