ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სამდღიანი საპროტესტო აქცია დასრულდა.
ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებით, მელიქიშვილის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები ამ ეტაპზე დაიშლებიან.
როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, ოპოზიცია მორიგ ნაბიჯებთან დაკავშირებით „გადაიგეგმება“ და სამოქმედო გეგმას საზოგადოებას გააცნობს.
მისივე თქმით, მოიფიქრებენ პროტესტის ფორმას, რომელიც „სიურპრიზი იქნება და მათ წყობიდან გამოიყვანს”.
„იმათმა შეცვალეს სტრატეგია, მელიქიშვილს გვაკეტინებენ და იძახიან, რომ ეს პრობლემა არ არის. ამიტომ, მეორე დღეს კიდევ აქ დგომა და მელიქიშვილის გადაკეტვა შინაარსს არის მოკლებული. მათთვის ეს დისკომფორტი არ არის, უბრალოდ ჩვენ დავიღლებით და ამით არაფერი შეიცვლება.
ამიტომ, ჩვენ რაც გადავწყვიტეთ არის ის, რომ ახლა დავიშალოთ, წავიდეთ, დავისვენოთ და დღის განმავლობაში ჩვენ გადავიგეგმებით და შეგატყობინებთ შემდეგ ნაბიჯს, სავარაუდოდ, უფრო ხვალისთვის.
მოვიფიქრებთ რამე ისეთს, რაც ისევ სიურპრიზი იქნება და რაც იმათ წყობიდან გამოიყვანს. ამის გაგრძელებას აქ, ახლა, ჩვენი აზრით, დიდი შინაარსი აღარ აქვს”, – მიმართა მელიქიშვილის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, საჭიროა ინფრასტრუქტურული მომზადება, რადგან სამართალდამცავებს წაღებული აქვთ აქციის მონაწილეების მანქანები და ტექნიკა.
„შევძელით ის, რომ დავიბრუნეთ ლოკაცია, საიდანაც პოლიციამ გუშინ იძულებით გაგვიყვანა. მადლობა მათ, ვინც მთელი ღამის განმავლობაში იდგა აქციებზე. ვითხოვეთ, რომ ცოტა ძალები მოვიკრიბოთ, ვინც ამ პროტესტში იღებდა მონაწილეობას. გვჭირდება ინფრასტრუქტურულად მომზადება, ჩვენი მანქანები და ტექნიკა წაღებულია, ასევე ღამის გასათენებელი საშუალებები.
ძალებს მოვიკრებთ. რამდენიმე ვერსია გვაქვს [პროტესტის] განვითარების და უახლოეს მომავალში, სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად გაგაცნობთ. ბოლომდე ვიბრძვით გამარჯვებისთვის!”, – განაცხადა ვაშაძემ.
მელიქიშვილის გამზირს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც ტოვებენ.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქცია ვარაზისხევისა და ჭავჭავაძის გამზირის კვეთაზე კვირა საღამოს დაიწყო. აქციის მონაწილეებმა ორი ღამე გაათენეს, რის შემდეგაც 18 ნოემბრის დილით, ადრიანად, მათ სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს ტერიტორია. შსს-ს ცნობით, გუშინ აქციის დაშლისას 16 ადამიანი დააკავეს.
აქცია მთელი დღის განმავლობაში მელიქიშვილის გამზირზე იმ ადგილას გაგრძელდა, სადაც პოლიციის კორდონი ჩადგა. საღამოს პოლიცია გავიდა და აქციის მონაწილეები თავდაპირველ ტერიტორიას დაუბრუნდნენ. თუმცა დღეს დილით პოლიციამ ისინი იქიდან ისევ გამოდევნა.