ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ფარული კენჭისყრით ბჟანიას გადადგომას მხარი 28-მა ე.წ. დეპუტატმა დაუჭირა, ერთმა ხმა წინააღმდეგ მისცა, ორი ბიულეტენი კი ბათილად ცნეს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანია, „თანამდებობიდან“ გადადგომაზე თანხმობა განაცხადა. შეთანხმების თანახმად, ბჟანიას მოვალეობას კი ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა შეასრულებს. თანამდებობას ასევე ტოვებს ე.წ. პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრე ანქვაბი და მის მოვალეობას ყოფილი „პრემიერ-მინისტრი“ ვალერი ბგანბა შეასრულებს. ამასთან, შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აფხაზეთის ე.წ. სამთავრობო შენობები დღეს უნდა დატოვონ.
შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო დაიწყო, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ბინების მშენებლობას ითვალისწინებს. ე.წ. პარლამენტს „დოკუმენტის“ რატიფიცირება 15 ნოემბერს უნდა მოეხდინა, თუმცა პროტესტის დაწყების გამო საკითხის განხილვა გადადო. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სოხუმში ე.წ. სამთავრობო შენობები დაიკავეს, მათ შორის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს.