აშშ-ში რიგით მე-60 საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, სადაც ამერიკელმა ხალხმა დონალდ ტრამპი მეორედ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე.
ტრამპის გამარჯვებას მალევე გამოეხმაურნენ ქართველი პოლიტიკური ფიგურები და პრეზიდენტობა მიულოცეს. მათ შორის იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
„ვულოცავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არჩევნებში გადამწყვეტ გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობა ხელს შეუწყობს გლობალურ მშვიდობას და ჩვენს რეგიონში, ასევე უზრუნველყოფს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების განახლებას,“- განაცხადა კობახიძემ.
რა შეიცვლება საქართველოსთვის ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ? – აღნიშნულის შესახებ “მეტრონომი” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ამერიკისმცოდნეობის დოქტორანტს, გიორგი ლაბაძეს ესაუბრა.
• ამერიკის 48-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. რა შეიცვლება საქართველოსთვის მისი გაპრეზიდენტების შემდეგ? უნდა ჰქონდეს თუ არა “ქართულ ოცნებას” ოპტომიზმის საფუძველი?
აშშ-სგან საქართველოს მმართველი პარტიის მიმართ ე.წ. ურთიერთობების გადატვირთვას არავინ უნდა ელოდოს. ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ურთიერთთანამშრომლობასა და საერთო ინტერესებზე დაყრდნობით 30 წელზე მეტი ვითარდებოდა, რასაც, ბოლო პერიოდში სწორედ ქართულმა ოცნებამ შეუქმნა საფრთხე. ეს ერთის მხრივ მოხდა ე.წ. რუსული კანონის ინიცირებით, ხოლო მეორეს მხრივ შეერთებული შტატებისთვის საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაში დაბრალებით. შესაბამისად, თუ ვინმე მოვალეა, რომ ამჟამინდელი შეფერხებული და დაზიანებული ურთიერთობების შემხვედრი ნაბიჯი გადადგას, პირველ რიგში სწორედ საქართველოს მმართველი პარტიაა. ეს ნაბიჯები კი, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფაში არ გამოიხატება, რაც, ერთის მხრივ, გაზაფხულის პროტესტის დროს, ხოლო ,მეორეს მხრივ, სავარაუდოა, რომ არჩევნების პირობებშიც მოხდა. აქედან გამომდინარე, არც ერთი პარტია, რომელმაც უხეშად დაარღვია ათწლეულების განმავლობაში მოპოვებული და აწყობილი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ელემენტარული თანამშრომლობის პრინციპები, ტრამპის გამარჯვებისგან პოზიტიურს არაფერს უნდა ელოდოს.
ვიტყოდი, რომ პირიქით. თუკი არსებულ გეოსტრატეგიას, მსოფლიოში არსებულ საერთაშორისო გამოწვევებს გავითვალისწინებთ, შეერთებულ შტატებს საქართველოს სახით ისეთი პარტნიორი, რომელიც თანამშრომლობის გეზს შეინარჩუნებს, ძალიან სჭირდება. ასეთ პირობებში, არ მიმაჩნია, რომ ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც აშშ-ს ნომერ პირველი პოლიტიკური და ეკონომიკური მტერი ჩინეთის სახით შემოუშვა შავი ზღვის ერთ-ერთი ყველაზე ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად, სანიმუშო პარტნიორი იქნება ტრამპის ადმინისტრაციისთვის. მეტიც, ყველას კარგად გვახსოვს ტრამპის გუნდის წამყვანი ლიდერების ვიზიტი მაიკ პომპეოსა და მაიკ პენსის ჩათვლით, რომლებიც ყველა მხრივ ეცადნენ საქართველოს მთავრობის დარწმუნებას, იმაში, რომ «რუსეთს ჩინეთს საქართველოსთვის კარგი არ უნდათ». ამის მიუხედავად, დღევანდელი მოცემულობა საერთოდ არ პასუხობს მისი გუნდის მიერ შემოთავაზებულ პირობებს, რის გამოც, ვფიქრობ თითოეულ აქტორს, რომელმაც ამ პროცესებში მონაწილეობა მიიღო, პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.
ავტორი: სალომე ჩარკვიანი