“მინდა ცესკოსაც და პროკურატურასაც შევახსენო, რომ არავის გამოუცხადებია საქართველოს საგამოძიებო სისტემისთვის ნდობა და ადგილობრივი გამოძიება არ მოუთხოვია. ან რა სანდონი არიან?!” – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ – ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომელშიც საქართველოს პროკურატურის მიერ საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიების ეხმაურება.
მისი თქმით, საქართველოს პროკურატურას არამხოლოდ არგამოძიების, არამედ დანაშაულის კვალის წაშლის ფუნქცია აქვს.
„იცოდით, რას ნიშნავს გამოთქმა – მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო? აი, ზუსტად ამას ნიშნავს.
მელა რომ იპარავს და გარბის ნაქურდალით, მისი ფუმფულა კუდი ნაკვალევს შლის, რომ მდევარმა ვერ იპოვოს ნაქურდალის კვალი.
აი, ეს ფუნქცია აქვს ახლა საქართველოს პროკურატურას – არამხოლოდ არგამოძიების, არამედ დანაშაულის კვალის წაშლის!
მინდა ცესკოსაც და პროკურატურასაც შევახსენო, რომ არავის არ გამოუცხადებია საქართველოს საგამოძიებო სისტემისთვის ნდობა და ადგილობრივი გამოძიება არ მოუთხოვია. ან რა სანდონი არიან?! დაასახელონ, ბოლო 20 წლის განმავლობაში, რომელი საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საქმე გამოიძიეს და დაადგინეს სიმართლე?!
ერთი მაინც დაასახელონ!
არც ერთი!
საერთაშორისო, მიუკერძოებელი გამოძიების დაშვება გაბედეთ, თუ მართლები ხართ!“,- წერს ანა ნაცვლიშვილი.