“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, “”ქართული ოცნების” ძალადობრივი ჯგუფები ენმ-ის ოფისთან იმის გამო მიცვივდნენ, რომ იციან, არჩევნებს აგებენ”.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მმართველი პარტია “უკიდურესად შეშინებულია, რადგან კარგად აცნობიერებს, რომ სულ მალე ხელისუფლებაში აღარ იქნება”.
“ამ არჩევნებში ვიმარჯვებთ ოპოზიცია, ვიმარჯვებთ ძალიან დამაჯერებლად, მაგრამ თითოეული ხმა უკიდურესად მნიშვნელოვანია. არ გავფლანგოთ არცერთი ხმა. მხარი დავუჭიროთ 5 ნომერს – „ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას“, ყველაზე ძლიერ პარტიას, ივანიშვილის მთავარ მოწინააღმდეგეს, პარტიას, რომელიც ყველგან, ყველა უბანზე ყველა ხმისთვის იბრძვის და იბრძოლებს გამარჯვებამდე. იბრძოლებს გამარჯვებამდე, რომელსაც ძალიან მალე ჩვენ ერთად ვიზეიმებთ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
ამასთან, თინა ბოკუჩავამ ისაუბრა მარნეულში საარჩევნო უბნის დახურვის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს ძალადობით და ბიულეტენების ჩაყრით ძალაუფლება რამენაირად შეინარჩუნოს.
“ცოტა ხნის წინ ჩამოვედი მარნეულიდან, სადაც ასევე ადგილი ჰქონდა ძალადობას, სადაც ხელისუფლება ცდილობს ძალადობით და ბიულეტენების ჩაყრით რამენაირად შეინარჩუნოს ძალაუფლება. ეს არის ხელისუფლება, რომელიც აგონიაშია და ამგვარი აგონია და ისტერიკა, რომლის გამოხატულებაც ვნახეთ აქ, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან რამდენიმე წუთის წინ, არ აშინებს არავის. პირიქით, ეს გვაძლევს რწმენას, რომ ვიმარჯვებთ და ვიმარჯვებთ ძალიან დიდი უპირატესობით. შეიძლება გააუქმოთ 1 ან 2 უბანი მარნეულში ან სხვაგან, მაგრამ ვერ გააუქმებთ იმ დიდ ეროვნულ, ევროპულ გამარჯვებას, რომელსაც ქართველ ხალხთან ერთად რამდენიმე საათში ვიზეიმებთ. არჩევნებში იმარჯვებს ქართველი ხალხი, იმარჯვებს ქვეყნის ევროპული არჩევანი და მარცხდება „ქართული ოცნება“. ძალადობა, რომელსაც ვხედავთ, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ამ ისტორიულ არჩევნებში, სადაც მოხდა მთელი საქართველოს კონსოლიდაცია, ივანიშვილი მარცხდება. ზუსტად 2 საათია არჩევნებამდე დარჩენილი. იმისთვის, რომ ძალიან დიდი უპირატესობა გვქონდეს, აუცილებელია, რომ თითოეული თქვენგანი, ვინც ჯერ საარჩევნო უბანთან არ ყოფილა, მივიდეს და გააკეთოს ევროპული არჩევანი. 2 საათში ჩვენ ერთად აღვნიშნავთ დიდ ეროვნულ გამარჯვებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე, ვისთვისაც ძვირფასია ევროპული მომავალი ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის, ამ დიდი გამარჯვების თანამონაწილე ვიყოთ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში “ქართული ოცნების” მხარდამჭერები შეიჭრნენ.