ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ეს ომი დასრულდება მაშინ, როცა პუტინი იზოლაციაში აღმოჩნდება, და სხვა პარტნიორები მას დიპლომატიისკენ უბიძგებენ“ – ვოლოდიმირ ზელენსკის

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ნატოში მიწვევა – რუსეთთან ომის შეწყვეტის ერთადერთი გზაა. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.

როგორც ზელენსკი გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნავს, უკრაინის ნატოში მიწვევა მისი ხუთპუნქტიანი გამარჯვების გეგმის პირველი პუნქტია, რამაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დასვას.

„ჩვენ ვერ ვიქნებით ძლიერები მიწვევის გარეშე, რამაც, თავის მხრივ, ჩვენი დიპლომატია უნდა გააძლიეროს, რათა ომი დავასრულოთ“, – განუცხადა ზელენსკიმ The Financial Times-ს.

„ეს ომი დასრულდება მაშინ, როცა პუტინი იზოლაციაში აღმოჩნდება, და სხვა პარტნიორები მას დიპლომატიისკენ უბიძგებენ“, – დასძინა მან.

გამოცემის მტკიცებით, იმ დროს, როცა ნატოს ყველა წევრი ქვეყანა თანხმდება, რომ უკრაინა ალიანსში წევრობის შეუქცევად გზას ადგას, აშშ და გერმანია კიევისთვის მიწვევის გაგზავნისგან ფორმალურად თავს იკავებენ, რადგან რუსეთთან კონფლიქტის ესკალაციის ეშინიათ.

ზოგი ოფიციალური პირი პირად საუბრებში ამბობს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება მოსკოვთან მოლაპარაკებების დროს სავაჭრო თემა იქნება. „ნატოში მიწვევა ჩვენი ხალხისა და ჯარისკაცების მორალურ სულს აამაღლებს“, – აცხადებს ზელენსკი. „მიწვევა ნიშნავს კიდევ ერთ გადადგმულ ნაბიჯს ნატოსკენ, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ მათი შვილები აღარ მოკვდებიან. არასდროს, იმიტომ რომ ჩვენ ნატოს წევრები ვიქნებით, ხოლო თუ ჩვენ ნატოში არ მიგვიწვევენ, მორალურად დავეცემით“.

იტვირთბა....