ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„დივანი სისხლიანი რომ ყოფილიყო არ ჩაგვქოლავდნენ მაგდას ქმრის ნათესავები?“

„მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ მაგდა პაპიძის დასთან, ლანა პაპიძესთან: ვინ და რატომ უღებდა ფოტოებს მაგდა პაპიძეს?

გუშინ, გახმაურებული საქმის, შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე გაირკვა, რომ მის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. როგორც „მეტრონომს“ მისმა ოჯახის წევრებმა განუცხადეს, ისინი გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და ნაფიცი მსაჯულების მიერ საქმის განხილვას ემხრობიან.

სასამართლოზე მაგდა პაპიძემ პირველად დაადასტურა, რომ ხარჯთაღრისცხვას აწარმოებდა, თუმცა არა იმ სახით, როგორი სახითაც ის პროკურატურას აქვს წარმოდგენილი. მან თქვა, რომ ქმარმა მას უროს, ლურსმნების და სხვადასხვა წვრილმანი სამუშაო იარაღების ყიდვა სთხოვა. სწორედ ამის ხარჯთაღრიცხვა აწარმოა პაპიძემ რვეულში. მისი თქმით, ამ რვეულის შესახებ გამოძიებას აცნობა და ვინაიდან საქმეში ურო ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებას წარმოადგენდა, სთხოვა ეს ჩანაწერი ეპოვათ და წარმოედგინათ „ისევ და ისევ ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად“ – განაცხადა მაგდა პაპიძემ სასამართლოზე.

ოჯახის წევრები საეჭვო გარემოებად მიიჩნევენ, მაგდა პაპიძის მეგობრის, ოთარ ბერძენიშვილის გაუჩინარებას და მის ირგვლივ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვები აქვთ. ბრალდებულის ოჯახის წევრები აღნიშნული საქმის კიდევ ერთ ახალ გარემოებაზე საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ  შემთხვევის ღამეს ეზოში განთავსებულ ნაგვის ურნასთან ორი ავტომანქანა დაფიქსირდა, ერთი „მერსედესის“ მარკის, მეორე კი  – BMW. როგორც “მეტრონომს“ მაგდა პაპიძის დამ, ლანა პაპიძემ განუცხადა, მათ გამოძიებამ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მანქანიდან მაგდას ფოტოებსაც უღებდნენ.

კიდევ ერთი საეჭვო გარემოება ნაგვის ურნაში ჩაყრილი ნაგავია, რომელიც პროკურატურის ვერსიით, მაგდა პაპიძემ გადააგდო, რომელშიც შვილის ფოტოც იყო. თუმცა, როგორც „მეტრონომს“ მისმა დედამ, ლია შამუგიამ განუცხადა, ურნიდან ამოღებული ფოტო მისი დაღუპული შვილიშვილის არ არის, სურათზე გოგოა გამოსახული. ის მოითხოვს, რომ აღნიშნული ფაქტი კარგად გამოიძიონ.

რაც შეეხება მეორე – მაგდა პაპიძის გარდაცვლილი მეუღლის მხარეს, ისინი პროცესის დასრულების შემდეგ მოკლე კომენტარით შემოიფარგლნენ და აღნიშნეს, რომ გამოძიებას ენდობიან, მაგდა პაპიძეს კი – არა.

„მეტრონომი“აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მაგდა პაპიძის დასთან, ლანა პაპიძესთან:

მაგდა

მაგდა პაპიძე

„მეტრონომი“: მაგდა პაპიძემ აღიარა, რომ ის ხარჯთაღრიცხვას მართლაც აკეთებდა და რვეულში წერდა. მან თქვა, რომ ქმარმა მას უროს, ლურსმნების და სხვადასხვა წვრილმანი სამუშაო იარაღების ყიდვა სთხოვა. ამ ჩანაწერის შესახებ გამოძიებასაც უთხრა და სთხოვა, რომ ის მოეძებნათ, მან თავად მიუთითა ამ რვეულის ადგილსამყოფელის შესახებ. მაშინ რა ჩანაწერი აღმოაჩინა მისმა დედამთილმა?

ლანა პაპიძე: მარტო ურო და ლურსმნები არ აქვს ნაყიდი. ამოღებულია სახრახნისის კომპლექტი და შპალერის მისაკრობები. რაც შეეხება იმ ჩანაწერებს, რაც პროკურატურამ ამოიღო, რა სისულელეა, რატომ უნდა დაეწერა. თან თავად მიუთითა პროკურატურას, რომ მიბრძანდით და ნახეთო, მე მაქვს ხარჯთაღრიცხვის რვეული და იქ მიწერია ყველაფერიო. რამე ჩანაწერი მართლა რომ ჰქონოდა, მიუთითებდა? იქ რომ წერია „წყალი ტოლჩით“, ეს მაგდას ტერმინოლოგია არ არის, მაგდა სულ სხვანაირი ფრაზეოლოგიით საუბრობდა. თვენახევრის შემდეგ ამოიღეს ეს ჩანაწერი, მანამდე ვერ იპოვეს?

– თქვენი აზრით, ვის შეიძლება დაეწერა, ვის სდებთ ბრალს?

– არ ვიცი, ოჯახის წევრებისგან გამოვიდა ეგ. მაგდას დედამთილმა ანკარაში დედაჩემს დაურეკა და უთხრა, რომ ამოღებულია რვეული. თვენახევრის მერე? მანამდე მთელი სახლი გადაატრიალეს და მანამდე ვერ ნახეს? აბსოლუტურად, წიგნებიდან დაწყებული ფოტოალბომებიდან დამთავრებული, ყველაფერი წაღებული იყო სახლიდან და მაინცდამაინც ეგ რვეული ვერ იპოვეს?

– მაგდამ გადაწყვიტა, რომ მის საქმეს ნაფიცმსაჯულები განიხილავენ. თქვენ თუ ხართ ამის მომხრე?

– მე ვარ მომხე, სიტყვაც შევაგზავნე მასთან. ნამდვილად არ ვენდობი მე სასამართლოს.

– ასევე საუბარი იყო სისხლის ლაქებზეც, რომელიც ხელმეორედ დათვალიერების შემდეგ აღმოაჩინეს კედელზე და დივანზე. მაგდამ თქვა, რომ სწორედ იმ ოთახში იყვნენ დასვენებული მისი ქმარი და შვილი, ეს ნამდვილად ასე იყო?

– დიახ, იმ ოთახში იყო, რომელიც არც დაულუქავთ. არც ნაგვის ურნები იყო დალუქული, დივანი ხან რომელ მეზობელთან იდო, ხან რომელთან, რომ ვერ ატევდნენ.

– თქვენ არ მოითხოვეთ მაშინ, რომ ოთახი დაელუქათ?

– მე იქ 12 საათზე მივედი. ბავშვი რომ მოასვენეს, ჭკუიდან ვიყავი გადასული, სრულ ჭკუაზე არ ვიყავი. ჩემი ბავშვი მანქანაში ჩამიკეტავს და ისიც არ მახსოვდა, ისე ვიყავი გაგიჟებული.

– სისხლის ლაქები მაშინ ვერავინ აღმოაჩინა?

– მე და ჩვენი მეგობრები რომ მივედით იქ, რას ფიქრობთ, თქვენ, ის დივანი სისხლიანი რომ ყოფილიყო არ ჩაგვქოლავდნენ მაგდას ქმრის ნათესავები? არ მეტყოდნენ, რომ აგერაა შვილო სისხლი და ვიღაც იცავო? პირიქით, მივეხმარეთ, ტანსაცმელები ჩავალაგეთ, ჩემი დის რაღაცები და ოთახი დაცლილი იყო ოპერატიულად. ცხედრები უნდა მოესვენებინათ, გამოიტანეს ეს დივანი, მეზობელთან იდო, ხან შემოსასვლელში იდო. დეტალურად ახსოვთ, ჩემი ბიძაშვილი იყო და სამეგობრო წრე, იქ ვინც მოვარდნენ  უცებ, რომლებმაც ნახეს. ახლა გაჩნდა ეს სისხლის კვალი, ძალიან უცნაურია.

– რა კითხვები დარჩა პასუხგაუცემელი, თქვენი აზრით?

– მე პირადად კითხვის ნიშანს მიტოვებს ოთო ბერძენიშვილის გაუჩინარება.

– სად არის?

– არ ვიცი, მონასტერშია წასული თვეობით.

– არ დაუკითხავთ?

ეეეე

– დაკითხეს, მაგრამ ისე არა, როგორც საჭიროა. მე მინდა, რომ ჩემ კითხვებზე გაეცეს პასუხი ამ ოთო ბერძენიშვილთან დაკავშირებით. რატომ გაუჩინარდა ასე საეჭვოდ, რატომ ჩემიანები არ გაუჩინარდნენ? ის რატომ გაქრა ასე უკვალოდ?

– კიდევ ერთი ფაქტი, დაცვის მხარე ამბობს, რომ ეზოში, ურნასთან მანქანა გამოჩნდა შემთხვევის საღამოს, რომელიც მაგდა პაპიძის არ არის. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამის შესახებ?

– მე ვიცი, რომ ღამით ურნასთან გამოჩნდა მერსედესი, ვერცხლისფერი. ზუსტად ის პერიოდია დაფიქსირებული ვიდეოკამერაზე, როდესაც მაგდა გაცდა „ლუკოილს“. ანუ ნაგვის ურნას, როდესაც გაცდა, ის მერსედესი ჩერდება იქ. მაგდა იხსენებს იმასაც, რომ როცა მოსაძებნად გამოვიდა და ურნასთან მივიდა, დაინახა, მანქანამ ფარები როგორ აუნთო. ის ამბობს, რომ BMW-ეს მარკის ავტომანქანა იდგა იქო. ამ მარკის მანქანა მანამდეა დაფიქსირებული. გამომძიებელს უთქვამს, როცა შენ გამოხვედი ნაგვის ურნაში ნაგვის ჩასაყრელად, BMW-დან ფოტოებს გიღებდნენო. ესეც ძალიან უცნაურია.

– თქვენ ვისზე ეჭვობთ, ვინ შეიძლება ყოფილიყო?

–  არ ვიცი, ზუსტად მაგაზეა კითხვის ნიშნები, ზუსტად იმ დროს რატომ ჩერდება ურნასთან ეს მერსედესი, ნუთუ ასე გაუჭირდა პროკურატურას მისი ამოცნობა?

 

რაც შეეხება მაგდას მდგომარეობას ციხეში, ლანა პაპიძე ყვება, რომ მან თავად აირჩია ე.წ. „კამერაში“ ყოფილიყო. როგორც ლანა ამბობს, მას ბადრაგმა უთხრა, რომ კამერაში ჩანდა, მაგდა როგორ იჯდა და კოვზით საჭმელს ზედ იწუწავდა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მაგდას თურმე ელანდება, რომ კალთაში თავისი შვილი უზის და მას საჭმელს აჭმევს. ლანა პაპიძე ასევე იმასაც ამბობს, რომ მან პირსახოცები გაახვია და როცა კითხეს, რას აკეთებო, ბადრაგისთვის უთქვამს, ჩუმად, თორნიკე (შვილი) არ გამიღვიძოთო. როგორც ლანა პაპიძე ამბობს, კიდევ კარგად არის მისი და, როცა ასეთ არაადამიანურ პირობებში იმყოფება, როგორც ის ამბობს, მისმა დამ უთხრა: „როდესაც წვიმდა, ფანჯარაში თავი გაყო და როცა წვიმის წვეთები სახეზე დაეწვეთა, მითხრა,  მაშინ მივხვდი რომ ცოცხალი ვარო, წარმოიდგინეთ, როგორ მდგომარეობაშია ის“.

როგორც მაგდა პაპიძის ადვოკატი ამბობს, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია მაგდა პაპიძის ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მისი თმქით, კონკრეტულად ამ ფაქტის, ამ ქმედების თვითმხილველი არ არსებობს და ეს ბრალდების მხარესაც არ გააჩნია. წარმოდგენილია ძირითადად მოწმეთა ბაზა, რომელიც ირიბად რაღაც გარკვეულ გარემოებებს ადასტურებენ.

„ექსპერტიზის დასკვნა არის, რომელმაც მანქანა ურნასთან დააფიქსირა, ექსპერტიზამ პიროვნება ვერ დაადგინა, ვინ მიდის ურნასთან და ვინ ყრის. ბრალდების მხარეს მტკიცებულება არ გააჩნია იმის, რომ მაგდა პაპიძე ურნასთან მივიდა და ნაგავი გადაყარა. ჩანს მხოლოდ ფეხები და მე ვერ დავადგენ ეს ქალი იყო თუ კაცი იყო. მაგრამ ექსპერტიზამ დაადგინა, რომ იქვე იყო „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა“ – განაცხადა მაგდა პაპიძის ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ.

გუშინ, სასამართლო პროცესზე დაცვისა და ბრალდების მხარემ წარმოადგინეს მოწინააღმდეგე მხარის მიერ საქმეში მოყვანილი მტკიცებულებები, რომლებიც უნდოდათ, რომ სასამართლოს ბათილად ეცნო, თუმცა სასამართლომ არც ერთი მხარის პოზიცია არ დააკმაყოფილა.

შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის საქმის განსახილველად, დაცვის და ბრალდების მხარე ნაფიცი მსაჯულების შერჩევას 7 აპრილიდან დაიწყებს.

ნინო ცხადაია

 

იტვირთბა....