ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ბრალდებული რომელიც შოთაძეს ენდობა: ბუტა რობაქიძის საქმის განხილვა გრძელდება

“მეტრონომის” რეპორტაჟი სასამართლოდან

დღეს, ბუტა რობაქიძის საქმის განხილვაზე დაიკითხა ერთ-ერთი მოწმე მამუკა ლებანიძე, საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი, რომელმაც ვერ დაადასტურა დანაშაულის ადგილზე იარაღის არსებობის და არარსებობის შესახებ, რადგან ის ადგილზე არ ყოფილა.

ერთ-ერთმა ბრალდებულმა გურამ დონაძემ პროცესის შემდეგ განაცხადა, რომ მისი ბრალი რაშია ჯერ კიდევ ვერ გაიგო.

„დღეს იყო პირველი დღე, როდესაც პროკურატურამ წარმოადგინა მოწმე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომელიც უშუალოდ იყო შემთხვევის ადგილზე მყოფი პირი, ეს არის პირველი პრეცენდენტი, როდესაც სასამართლოზე წარმოდგა პროკურატურის მხრიდან საპატრულო პოლიციის თანამშრომელი და დღეს ამ საპატრულო პოლიციის მოქმედმა თანამშრომელმა პირდაპირ განაცხადა, რომ მას შემთხვევის ადგილზე არ დაუნახავს, რომ გურამ დონაძეს მიეცეს ვინმესთვის რაიმე უკანონო მითითება. არ დაუნახავს, რომ ვინმესთვის მიეთითებინოს, ოპერატორისთვის, რომ აი, ასე გადაიღე კადრები და ბუტა რობაქიძესთან იარაღი ვიღაცამ დაუდო და ეს გადაიღე ახლაო – ეს არ დაუნახავს. ეს ადამიანი არის მამუკა ლებანიძე, რომელიც საექსპერტო დასკვნების მიხედვით, გასროლიდან მთელი ამ ხუთი წუთისა და 9 წამის განმავლობაში იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე.

მამუკა ლებანიძემ განაცხადა, რომ როცა მივიდა, იქ იარაღი არ დაუნახავს და მოგვიანებით, როდესაც ჩხრეკები ჩატარდა და ა.შ. იარაღები დაინახა საბარგულზე. ჩვენც ამას ვამბობთ, რომ ზუსტად ფირებში გარკვეული პირები, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, როდესაც პოულობენ ავტომატს და სხვა იარაღებს, რაც იქ დევს, დაატარებენ აქეთ-იქით ხელით, და მერე ვინ სად დადო, ამაზე ჩვენ პასუხისმგებლობა ჩვენ რატომ გვეკისრება? მე ჩემი ბრალი ხომ გითხარით, რომ ჯერ კიდევ ვერ გავიგე რაშია. თურმე, ოპერატორს მივუთითე, მაგრამ დღეს, მამუკა ლებანიძე, რომელიც ბუტა რობაქიძეს, დაჭრილს ადგას თავზე,  ის გავრცელებული ინფორმაცია, რომ სასამართლოს ჩვენ ვწელავთ, ეს იყო ტყუილი“ -განაცხადა დონაძემ.

ცნობისთვის, ბრალდებულმა გურამ დონაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ის მეტნაკლებად მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს ენდობა, რადგან ის კეზერაშვილის ყოფილი მოადგილეა და მასზე კარგი წარმოდგენა აქვს.

„იცით რა არის, ირაკლი შოთაძეს მეტნაკლებად ვენდობი. ის კეზერაშვილის ყოფილი მოადგილეა და მასზე კარგი წარმოდგენა მაქვს. ნახეთ რას აკეთებდა არჩილ კბილაშვილის დროინდელ პროკურატურა. კბილაშვილი გამოდიოდა და ამბობდა ბუტა რობაქიძის და სანდრო გირგვლიანის გვამებზე მოვედითო“, – განაცხადა დონაძემ.

კიდევ ერთმა ბრალდებულმა ზურა მიქაძემ კი აღნიშნა, რომ დღევანდელი მოწმისნაირი აქამდე რომ ყოფილიყო, საქმე დაიხურებოდა.

„გამოვიდა პატრული, რომელიც იყო შემთხვევის ადგილზე და თქვა, რომ თქვენგან უკანონო ბრძანება არ მიმიღია. იარაღზეც ამბობს, რომ არ დამინახიაო და ამას გვდებენ ბრალად. მე იმას ვფიქრობ, უნდა მივადევნო თვალყური მას მისი ასეთი ჩვენებისთვის, რომ სამსახურიდან არ გააგდონ ეს კაცი. ნეტავ დღევანდელი მოწმე იყოს ერთადერთი მოწმე ამ საქმეში, ეს საქმე დაიხურებოდა“- განაცხადა ერთ-ერთმა ბრალდებულმა ზურა მიქაძემ.

საქმეში ასევე ბრალდებულმა მამუკა გვაზავამ განაცხადა, რომ პროკურატურა ჩიხშია.

„ჩემი აღშფოთება გამოიწვია იმან, რომ პროკურატურამ დღეს უპრეცედენტო საქციელი ჩაიდინა, თავისივე მოტანილი მტკიცებულებების გამოკვლევაზე უარი თქვა. პროკურატურა ჩიხშია და იმედია საზოგადოება გაიგებს“ – განაცხადა კიდევ ერთმა ბრალდებულმა მამუკა გვაზავამ.

თავად ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე „მეტრონომთან“ საუბრისას ამბობს, რომ ძალიან მომძლავრდა ის ძალა, რომელიც მათ აქეთ ეძახიან მკვლელებს.

„ძალიან მომძლავრდა ის ძალა, რომელიც აქეთ გვეძახიან ჩვენ მკვლელებს, და ვინ მოვკალით იმას არ ამბობენ. ცოტა აირია სიტუაცია და ჰგონიათ, რომ „ნაციონალები“ მობრუნდებიან, მაგრამ ვერ მობრუნდებიან ისინი, გამორიცხულია. რომც მობრუნდნენ, მათ იგივე პრობლემები ექნებათ და ძალიან მალე მოუწევთ წასვლა, ამიტომ ეს ხალხი გადმოვიდა იერიშზე, რომ ახლა როგორმე დაამტკიცონ ის, რომ ის ხალხი, რომელიც დღეს აქ სამართლდება, დონაძე, მიქაძე და ვაზაგაშვილის მკვლელები, რომ თურმე ჩვენ ვყოფილვართ ის ხალხი, რომელსაც  გვყავს დაქირავებული ცრუ მოწმეები და ეს საქმე არის შეთითხნილი. ეს ამბავი კი პირიქითაა. იქითაა საქმეები შეთითხნილი და მაგაზე მიდის სასამართლო“ – განუცხადა „მეტრონომს“ სოსო რობაქიძემ.

მომდევნო სასამართლო სხდომა ჩანიშნულია 26 აპრილს. იქნება ბრალდების მხარის მტკიცებულების გამოკვლევა  და დაიკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები.

უნდა აღინიშნოს, ერთი ფრიად მნიშვნელოვანი ფაქტი. ბრალდებულები ერთის მხრივ აცხადებენ, რომ პროკურატურა ჩიხშია, მეორეს მხრივ კი ასევე ბრალდებული დონაძე ამბობს, რომ შოთაძე სანდო სპეციალისტია და მზადაა ბოლომდე ენდოს. ამ ყველაფერს კი თუკი ბოლოდროინდელ გამოუძიებელ საქმეებს დავუმატებთ და არასამთავრობოების ბოლოდროინდელ გამოსვლებს, რომ შოთაძეს აღარ აქვს მორალური უფლება დარჩეს თანამდებობაზე, დონაძე-შოთაძის ნდობის ფაქტორი ნაკლებად მნიშვნელოვან ალიანსად აღიქმება, რადგან ერთმნიშვნელოვანია, რომ ყველაფერ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, საეჭვოა მთავარი პროკურორის სკამი დღეს მყარი იყოს ამჟამინდელი მეპატრონესთვის.

 

იტვირთბა....