სუმში სამედიცინო დაწესებულებაზე რუსების მიერ “შაჰიდის” ტიპის დრონებით ორმაგ თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, იგორ კლიმენკო ავრცელებს.
“სუმში რუსებმა ორჯერ დაარტყეს სამედიცინო დაწესებულებას: ამ დროისთვის, 6 ადამიანი დაიღუპა,” – განაცხადა კლიმენკომ.
მისივე თქმით, პირველი დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და საავადმყოფოს რამდენიმე სართული დაინგრა, რის შემდეგაც პაციენტებისა და პერსონალის ევაკუაცია დაიწყო. შემთხვევის ადგილზე ხალხის დასახმარებლად მაშველები და პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ. ევაკუაციის დროს, დაწესებულებას მტერმა კიდევ ერთხელ დაარტყა. დაღუპულებს შორის ერთი პოლიციელია, დაშავდა კიდევ ერთი სამართალდამცავი.