ახალი ამბები

“არჩევნებზე მობილიზაციისთვის BASSIANI-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 25 ოქტომბერს, საკლუბო ღამე არ გაიმართება” – კლუბი “ბასიანი”

კლუბი BASSSIANI განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ 26 ოქტომბერს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, სწორედ ამიტომ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არჩევნებზე მობილიზაციისთვის, 25 ოქტომბერს, საკლუბო ღამე არ გაიმართება.
“ამ გადამწყვეტ მომენტში ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე მყოფი საზოგადოების ვალია აიმაღლოს ხმა და იმოქმედოს დესტრუქციული სოციალური, ეკონომიკური და კულტურის პოლიტიკის ძირეული ცვლილებებისთვის, რომელმაც სიღარიბის, ემიგრაციისა და სასოწარკვეთისთვის გაწირა.
იმოქმედოს და შეაჩეროს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის ცვლილება, რუსული გავლენების, დეზინფორმაციის და პროპაგანდის ზრდა, დემოკრატიის დაღმასვლა, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო სუვერენიტეტს და საერთო მონაპოვარს – ვიზალიბერალიზაციას, ევროინტეგრაციას, და საერთაშორისო იზოლაციის წინაშე აყენებს ქვეყანას.
არაფრის ფასად შეურიგდეს რუსეთის ანექსიურ პოლიტიკას და ოკუპაციას, აღადგინოს გაწყვეტილი მეგობრობა ომში მყოფ უკრაინასთან. ხმა აიმაღლოს ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით აღზევებული ულტრა-მემარჯვენე პოპულიზმის, ფაშისტური რიტორიკის, სიძულვილის ენის, „უცხოური აგენტებისა” და ანტი-ლგბტ კანონების, ყოველდღიურობად ქცეული ფემიციდის, გენდერული ნიშნით ძალადობის და პოლიტიკური ჰომოფობიის წინააღმდეგ, რომლის შედეგად, რამდენიმე დღის წინ საზარელი მკვლელობის მსხვერპლი გახდა ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე.
არ შეეგუოს მშვიდობიანი პროტესტის და კრიტიკული აზრის ჩახშობას, მანიფესტაციების ძალადობრივ დაშლას […]
იბრძოლოს უსაფრთხო და ღირსეული შრომის პირობებისთვის, მხარი დაუჭიროს სამართლიანად გაფიცულებს […]
დაიხსნას კულტურა პარტიული მარწუხებისგან, დაიცვას ღია და თავისუფალი შემოქმედებითი პროცესი, რომელიც ახლა ცენზურისა და რეპრესიული პოლიტიკისგან გასათავისუფლებლად იბრძვის. იბრძოლოს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვისა და განათლებისთვის, ზრუნვისა და ზიანის შემცირების პოლიტიკის დასამკვიდრებლად, საყოველთაო კონსენსუსის, ინკლუზიური გარემოს და საერთო კეთილდღეობის მისაღწევად.
სოლიდარობა სისტემის ყველა მსხვერპლს და მძევალს, ყველა დაუმორჩილებელ ხმას – არჩევნებზე მობილიზაციისთვის BASSIANI-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 25 ოქტომბერს, საკლუბო ღამე არ გაიმართება”, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....