საქართველოში რუსული კომპანიების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს – ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ კვლევაშია ნათქვამი.
როგორც IDFI-ი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, 2024 წლის 1-ლი ივნისის მდგომარეობით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაშია 37,400 -მდე კომპანია (მათ შორის, 494 საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქე), საიდანაც 30,000-ზე მეტი კომპანია 2022 წლის შემდგომ არის დარეგისტრირებული.
“რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიების რაოდენობის ზრდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების და საქართველოში რუსი მიგრანტების შემოსვლის შემდეგ დაიწყო. რუსული მსხვილი კომპანიები ქართულ ეკონომიკაში ხშირ შემთხვევაში ოფშორული ან შუამავალი კომპანიების მეშვეობით ხვდება, რაც ართულებს იმის დაზუსტებას თუ კონკრეტულად ვინ დგას ამა თუ იმ კომპანიის უკან. ამასთან, არის შემთხვევები, როდესაც საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის, ან მხოლოდ რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირების მფლობელობაში არსებული კომპანიები სტატისტიკის სამსახურის ოფიციალურ მონაცემებში აღრიცხული არ არის, – რაც ასევე იწვევს უზუსტობას იმასთან დაკავშირებით, თუ რა რაოდენობის რუსული კომპანია ოპერირებს საქართველოში და როგორია მათი საქმიანობის სფერო. ამასთან, ათასობით რუსული შპს-სა და ინდ.მეწარმის როგორც იურიდიული, ასევე ფაქტობრივი მისამართის მიკვლევადობა შეუძლებელია, რადგან რეგისტრაციისას ისინი ერთსა და იმავე იურიდიულ მისამართებს იყენებენ, რომლებზეც შენობა-ნაგებობა ან საერთოდ არ არის განთავსებული, ან ტერიტორია მხოლოდ რამდენიმე კვ.მ-ია.
რუსული მსხვილი კომპანიები გვხვდება ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში, მათ შორის, ენერგეტიკაში, ტელეკომუნიკაციებში, მრეწვლობაში, სათამაშო ბიზნესში, და ა.შ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2024 წლის 1-ლი ივნისის მდგომარეობით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაშია 37,400 -მდე კომპანია (მათ შორის, 494 საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქე), საიდანაც 30,000-ზე მეტი კომპანია 2022 წლის შემდგომ არის დარეგისტრირებული. რეგისტრირებული კომპანიებიდან აქტიური სტატუსი 20,885-ს აქვს. საქართველოში ჯამში აქტიური სტატუსის მქონე კომპანიების რაოდენობა 257 245-ია, გამოდის რომ მათგან 8.1% რუსეთთან არის დაკავშირებული.
რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიების მონაცმეთა ბაზა, ასევე ნაწილობრივ ფარავს საქართველო/რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების მიერ დაფუძნებულ კომპანიებს. კერძოდ, ამ კომპანიებიდან ჯამში 494 საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების მიერ არის დაფუძნებული, აქტიური სტატუსის მქონე კომპანიებიდან კი 100”, – წერია ინფორმაციაში.