ახალი ამბები მთავარი სამართალი

ფარულ ჩანაწერებზე პროკურატურა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს:

„უკანასკნელ პერიოდში ინტერნეტსივრცეში სხვადასხვა სახის ვიდეოჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ აღნიშნულ თემაზე საჯარო სივრცეში გავრცელებულ ყველა განცხადებასა თუ შეტყობინების ფაქტზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ხდება დაუყოვნებლივი რეაგირება და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო-საპროცესო მოქმედება ხსენებულ შეტყობინებებში დაფიქსირებული ფაქტების ავთენტურობის, წარმოშობის წყაროს და გავრცელების მცდელობის დადგენა-პრევენციის მიზნით. აღნიშნული შეტყობინებებისა და განცხადებების გადამოწმებისას ხშირ შემთხვევაში არ დადასტურდა  პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება  და გაირკვა, რომ უმეტეს შემთხვევაში საქმე ინტერნეტ „ვირუსთან“ გვაქვს.

ყველა გაურკვეველი წარმოშობის ვიდეოფაილის გავრცელების მცდელობისას სამართალდამცავი ორგანოების მიერ ხდება დაუყოვნებლივი რეაგირება და  გავრცელების პრევენციის მიზნით  ვიდეოფაილების სხვადასხვა ინტერნეტ გვერდებზე  უმოკლეს დროში  დაბლოკვა. ასევე ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ვიდეოფაილის ავთენტურობის, წარმოშობის წყაროს  და გამავრცელებლის  დადგენა-იდენტიფიცირების მიზნით.

შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს   თანამშრომლებისგან შემდგარი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ხსენებულ დანაშაულთან კავშირში მყოფი პირების გამოსავლენად. ასევე, საქართველოს პროკურატურა საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში გამოძიების საჭიროებებიდან გამომდინარე აქტიურად თანამშრომლობს უცხო ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან.“

იტვირთბა....