ჩვენი მოთხოვნები თუ არ შესრულდება, რა თქმა უნდა პირის ამოკერვის პრეცედენტები გაიზრდება,- ამის შესახებ BM.GE-სთან სოფელ შუქრუთის მკვიდრი, გიორგი ნეფარიძე აცხადებს.
აღსანიშნავია, რომ სოფელ შუქრუთში, პროტესტის 173-ე დღეს, მოქალაქეებმა პირი ამოიკერეს და შიმშილობა დაიწყეს. მოსახლეობა კომპანია GM-ისგან დანგრეული სახლებისა და განადგურებული გარემოსთვის სამართლიან კომპენსაციას მოითხოვს.
სოფლის მკვიდრის ინფორმაციით, პირის ამოკერვის საკითხზე როგორც კომპანიის, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფოს მხრიდან არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა.
„6 თვის განმავლობაში სახელმწიფოს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და კომპანიის მხრიდან არანაირი გამოხმაურება არ გვქონია. ამ დროისათვის, პროტესტის 3 მონაწილეს პირი აქვს ამოკერილი, ხოლო 5 ადამიანი შიმშილობს. ჩვენი მოთხოვნები თუ არ შესრულდება, რა თქმა უნდა პირის ამოკერვის პრეცედენტები გაიზრდება. ჩვენი მოთხოვნაა, რომ რაც გაგვაჩნია, ზუსტად ანალოგიური სარგებლის მქონე სახლის, დამხმარე ნაგებობისა და მიწის ნაკვეთი უსაფრთხო გარემოში შეგვიქმნან, სადაც ნგრევის პროცესი არ მიმდინარეობს.
კომპანია არაერთ სისულელეს ამბობს და კომპანიის არაერთ სისულელეზე არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ. ის მხოლოდ ჩვენთვის ჩირქის მოცხებასა და ფართო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. გარიგებულია ადგილობრივ პოლიციასთან, პროკურატურასთან და სასამართლოსთან, რომლებიც კომპანიის შავბნელი მექრთამეობითი საქმიანობის “გაპრავებას” ცდილობს“,- აღნიშნავს ნეფარიძე.
რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, მისი თქმით ამ ეტაპზე სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავს იკავებენ.