რუსული ძალების მიერ უკრაინის სუმის ოლქზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი, დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის ოლქის პოლიციის კომუნიკაციის განყოფილებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად განადგურდა საგანმანათლებლო დაწესებულება და სულ მცირე 5 მაღალსართულიანი შენობა.
ეროვნულ პოლიციაში განმარტავენ, რომ გამომძიებლები აღრიცხავენ ზარალს და აგროვებენ მტკიცებულებებს აგრესორი სახელმწიფოს არმიის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულის შესახებ.
„აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლით : „ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევა“, – აცხადებენ სუმის ოლქის პოლიციაში.
ცნობისთვის, რუსულმა ძალებმა სუმის ბავშვთა სოციალურ-ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრსა და ბავშვთა სახლზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.