საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის (ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები) საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებაში შეშფოთებას გამოთქვამენ, საქართველოს პარლამენტის მიერ 4 მარტს მიღებული ახალი კანონმდებლობის გამო, რომელიც უცხოური დაფინანსებისა და პოლიტიკური საქმიანობის კონტროლს მკვეთრად აძლიერებს.
მინისტრების შეფასებით, ამ ახალი რეგულაციებით, ხელისუფლება შეგნებულად არღვევს საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს და კიდევ უფრო ზრდის ხელისუფლების რეპრესიულ მიდგომას სამოქალაქო საზოგადოების მიმართ.
საქართველო – საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადება უცხოური დაფინანსებისა და პოლიტიკური საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით (2026 წლის 10 მარტი)
ჩვენ, ვაიმარის სამკუთხედის საგარეო საქმეთა მინისტრები, ვწუხვართ საქართველოს პარლამენტის მიერ, 4 მარტს, უცხოური დაფინანსებისა და პოლიტიკური საქმიანობის შესახებ ახალი კანონმდებლობის მიღების გამო, რაც სამოქალაქო საზოგადოების მიმართ საქართველოს ხელისუფლების სულ უფრო რეპრესიული მიდგომის დასტურია.
ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის 2026 წლის 6 მარტის განცხადებას. ახალი ცვლილებები უპრეცედენტო დონემდე აფართოებს სახელმწიფო კონტროლს საქართველოში პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობაზე და ხელყოფს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ისინი ასუსტებენ კანონის უზენაესობას და დამატებით ზეწოლას ახდენენ დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებაზე, კერძოდ დამოუკიდებელ მედიაზე, ადამიანის უფლებათა დამცველებზე, ექსპერტებსა და მომსახურების მიმწოდებლებზე.
ამ ახალი რეგულაციებით, საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად არღვევს საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, განსაკუთრებით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2024 წლიდან განხორციელებულმა კურსმა მიიყვანა მისი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივ შეჩერებამდე, როგორც ეს განმარტებულია ევროპული საბჭოს 2024 წლის დასკვნებით და დადასტურებულია ევროკომისიის მიერ 2025 წლის გაფართოების ანგარიშში.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც შეუპოვრად მუშაობენ საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის სასარგებლოდ. ჩვენ, ასევე, კვლავ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,- აღნიშნულია განცხადებაში.

