ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რესპუბლიკური პარტიის” საგანგებო განცხადება: ისინი არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებენ

“რესპუბლიკური პარტია” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის 27 მარტის გადაწყვეტილების გასაჯაროება პრემიერ-მინისტრის თხოვნით შეყოვნდა, რათა კოალიცია ახალი პოლიტიკური რეალობისთვის მომზადებულიყო.

“ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს პარტიის დაუყოვნებლივ გასვლას კოალიციიდან, საპარლამენტო უმრავლესობიდან, მთავრობიდან და ადგილებზე საკრებულოების უმრავლესობიდან, ამ საკითხებს გადავწყვეტთ ეტაპობრივად. ეს დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:

სამთავრობო თანამდებობებს დავტოვებთ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ან პრემიერმინისტრის გადაწყვეტილების გამო და არავითარ შემთხვევაში, ოკუპანტი ქვეყნის ადგილობრივი სტალინელების, ვიდეოშანტაჟისტების, ან ანტი-NATO-ელების ულტიმატუმების ფონზე. ჩვენი შემდგომი თანამშრომლობა დამოკიდებული იქნება პარტია ქართული ოცნების დაანონსებულ განახლებაზეც. მაგრამ ჩვენი თანამშრომლობა ნამდვილად ვერ იქნება შესაძლებელი, თუ პოლიტიკური დღის წესრიგის განმსაზღვრელი კვლავ იქნება თავისუფალ რეჟიმში მოქმედი ინდივიდების საჯარო განცხადებები.

ჩვენ ვეცდებით, რომ ჩვენი ნაბიჯებით არ გაჩნდეს შეკითხვები ქვეყნის სტაბილურობასა და ხელისუფლების კურსთან დაკავშირებოთ. რესპუბლიკელი მინისტრები მთავრობაში ყოფნის პერიოდში პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით გააგრძელებენ პარლამენტის მიერ დამტკიცებული საპარლამენტო პროგრამის შესრულებას, მაგრამ პარლამენტში ვითარება იქნება პირიქით – ფრაქცია რესპუბლიკელები იხელმძღვანელებს პარტიული პოლიტიკური პრიორიტეტებით, გარდა გარკვეული საკითხებისა, რომლებიც შესაძლოა, წინასწარ შეთანხმდეს უმრავლესობის რეჟიმში” – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობდნენ “რესპუბლიკური პარტიის” მიერ კოალიციის დატოვების საკითხზე.

იტვირთბა....