სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ვახტანგ გომელაურს იმედი აქვს, რომ ფარული ვიდეოჩანაწერები, რომელთა გავრცელებაც 31 მარტისთვისაა დაგეგმილი, არ გავრცელდება.
„ამაზე ვერავინ ვერ იტყვის რომ ეს არ გავრცელდება, ან გავრცელდება. იმედი გვაქვს, რომ ეს არ მოხდება და არ გავრცელდება, თუმცა 100-პროცენტიანი დარწმუნებით ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს არ მოხდება და არ გავრცელდება. თუ გავრცელდა, გამოძიება მიმდინარეობს პროკურატურაში. ურთულესი საქმეა. მოლოდინს ვერ შეგიქმნით, რა თქმა უნდა პროკურატურა იძიებს და ჩვენ ვეხმარებით, სპეციალური ჯგუფია შექმნილი, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროც არის ჩვენ ვართ და მაქსიმალურს ვაკეთებთ,“ – განაცხადა გომელაურმა.
გომელაური დღევანდელ არშემდგარ სხდომასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, არ იცის რატომ არ მივიდნენ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები სხომაზე.
„ჩამოვედი იმიტომ, რომ პარლამენტის წინაშე წარმედგინა ჩემი ანგარიში. ყველა კითხვაზე გამეცა პასუხი. ჩამობრძანებულიყვენ, კეთილი ენებათ ყველა პარლამენტარს და მოესმინათ მაშინ. ეს მემგონი ჩემი ბრალი არ არის, რომ კვორუმი არ შედგა.“ – ამბობს გომელაური.