ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლილოში, 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის დაკავებული ოთარ ცინდელიანი სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

ლილოში, 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის დაკავებული შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. ამასთან, გადაისინჯა ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ის ძალაში დარჩა.

შემდეგი სასამართლო პროცესი 4 სექტემბერს გაიმართება, სადაც დაცვის მხარე ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიურ ექსპერტიზის დასკვნას წარადგენს, ასევე ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.

ცნობისთვის, ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი დააკავეს, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია.

ცინდელიანი უწყებაში თავად გამოცხადდა, თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, მას ქვეყნის დატოვების მცდელობა ჰქონდა.

ქეთი ჯავახიშვილს სხეულის თითქმის ყველა ორგანოზე 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო.

ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....