სხდომათა დარბაზში, დეპუტატების არასაკმარისი რაოდენობის გამო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის მოსმენა უკვე მეორედ გადაიდო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პარლამენტშია. პარლამენტში კი კვორუმი არ შედგა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, პლენარულ სხდომაზე ანგარიშით უნდა წარსდგეს. რეგისტრაცია 14:45 წუთზე ისევ იგეგმება.
პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ ერთ-ერთი წევრის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ხვალინდელ დღეს დაანონსებულია ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება, ამ დროს კი სუს-ის უფროსის მოსასმენად პარლამენტში კვორუმი არ არის.
„კვორუმი არ არის, სხდომა არ შედგება. ხვალ დაანონსებულია, რომ ახალი კადრები უნდა გამოქვეყნდეს, დღეს სუსის უფროსის მოსმენა უნდა ყოფილიყო. საინტერესო ფაქტია, რომ მისთვის უნდა მოგვესმინა, სავარაუდოდ დაგვარწუნებდა, რომ ყველაფერი კარგად არის. ადამიანის პირადი ცხოვრების უსაფრთხოების თვალსაზრისით. ხვალინდელი დღე დაანონსებულია, ამ დროს კი კვორუმი არ არის- ასეთია რეალობა.
დღეს, უწყების ანგარიშის განხილვა პლენარული სხდომის დღის წესრიგში პირველ საკითხად შევიდა. 29 გვერდიან დოკუმენტთან პრეტენზიები აქვთ როგორც ოპოზიციაში, ასევე უმრავლესობაში. დეპუტატების ძირითადი კითხვები რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და ე.წ. ოდეერებს ეხება.