პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი განხორციელდება სკოლაში – 4 აპრილიდან 18 აპრილის ჩათვლით. – ამის შესახებ ბრიფინგი დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა გამართა.
სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია სამ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე 2016-2017 სასწავლო წლისთვის რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლის და-ძმაც სწავლობს ამავე სკოლაში, რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია და რომლის ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად, აუცილებელი დოკუმენტების მიღება მოხდება სკოლაში – 19 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით.
მეორე ეტაპი, საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 4 მაისს დაიწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის, საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, მეორე ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება მოხდება – 30 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით.
პირველ და მეორე ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.
პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი – 14 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. რეგისტრაცია მოხდება სკოლაში, მეორე ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.