ამ კვირას ყაზახელი ნავთობის მაგნატის, მილიარდერ მიხეილ გუცერიევის უმცროსი ვაჟის, 28 წლის საიდის ქორწილი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. გრანდიოზული ქორწილი მოსკოვში შედგა. პატარძალს, 20 წლის სტუდენტს, ელი სააბის ძვირადღირებული კაბა ეცვა, რომელიც საგანგებოდ მისთვის საფრანგეთში შეკერეს. კაბის ღირებულება 18 000 ევრომდე აღწევს.
გუცერიევი 2015 წლის Forbes-ის რეიტინგის მიხედვით, რუს მილიარდერებს შორის 38-ე ადგილს იკავებს 2,5 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონებით.
მილიარდი დოლარის ბიუჯეტის ქორწილს 600 სტუმარი დაესწრო, რომელთაც უამრავი სიურპრიზი დაახვედრეს. მოსკოვში სპეციალურად ქორწილისთვის სპეცრეისით ჩამოიყვანეს მსოფლიო დონის ვარსკვლავები: ელტონ ჯონი, ჯენიფერ ლოპესი, ბიონსე, პატრისია კაასი, სტინგი და ენრიკე იგლესიასი.
Dailymail-ის ინფორმაციით, ჯენიფერ ლოპესის ვიზიტი მილიარდერს – 1 მილიონი ევრო, ელტონ ჯონის სტუმრობა კი – 7 მილიონი ევრო დაუჯდა.
სიძე, საიდი, ოქსფორდში სწავლობდა. პატარძალი, ხადიჯა, წარმოშობით ინგუშეთიდანაა. მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტია. ამბობენ, რომ საიდისთვის შესაფერის გოგონას გუცერიევების ოჯახი 4 წლის განმავლობაში ეძებდა.








