ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

2020 წლის შემდეგ ბაიდენი და ტრამპი პირველ დებატებს გამართავენ

27 ივნისს ამერიკის დროით 21:00-ზე დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიის მთავარი საპრეზიდენტო კანდიდატები, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი დებატებს გამართავენ.

ეს 2024 წლის საარჩევნო კამპანიის პირველი საპრეზიდენტო დებატებია. ბოლო მსგავსი ღონისძიება ორ პოლიტიკოსს შორის 2020 წლის ოქტომბერში გაიმართა.

ბოლო სიტყვა დებატების დროს ტრამპის იქნება, ბაიდენს კი მისცეს უფლება, აერჩია, თუ რომელ მხარეს დაჯდებოდა. თითოეულის მიკროფონი გათიშული იქნება მანამ, სანამ მათი საუბრის დრო არ მოვა.

დებატები CNN-ის ატლანტის სტუდიაში შედგება და სწორედ ამ ტელევიზიის მაუწყებლობით გავრცელდება. პირდაპირ ეთერის ყურება რამდენიმე სხვა ამერიკულ არხზეც იქნება შესაძლებელი.

თბილისის დროით დებატები 28 ივნისს, გამთენიისას, 5:00-ზე დაიწყება.

დებატების მოდერატორები CNN-ის ჟურნალისტები, ჯეიკ ტაპერი და დანა ბეში იქნებიან.. მათი თქმით, გამოიყენებენ “ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, რათა შენარჩუნებული იყოს დროის ლიმიტი და უზრუნველყოფილი იყოს ცივილიზებული დისკუსია”.

CNN-ს არ გაუსაჯარაოვებია რა საკითხებზე წარიმართება დებატები, თუმცა სავარაუდო თემებია: საზღვრის უსაფრთხოება და იმიგრაცია, აბორტის უფლება, ეკონომიკა, საპრეზიდენტო კანდიდატების ასაკი, ტრამპის ბრალეულობა პორონოვარსკვლავის გაჩუმებისთვის ფულის გადახდასთან დაკავშირებით, ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის საქმე, რომელიც უკავშირდება ნარკოტიკების მოხმარებასა და იარაღის უკანონო შესყიდვას.

დებატები 90 წუთი გაგრძელდება. ეს დრო მოიცავს ორ სარეკლამო შესვენებასაც. შესვენებების დროს საარჩევნო კამპანიის წარმომადგენლებს არ ექნებათ საკუთარ მხარეებთან საუბრის შესაძლებლობა.

ბაიდენსა და ტრამპს შორის მომდევნო დებატები 2024 წლის 10 სექტემბერს, ABC News-ის ეთერში შედგება.

ორი ღონისძიების ჩატარებაზე მხარეები მალე შეთანხმდნენ, მას შემდეგ, რაც ბაიდეის კამპანიამ ორი დებატების ჩატარების წინადადება წამოაყენა, რასაც ტრამპის კამპანია დათანხმდა, თუმცა მათი სურვილი იყო, რომ ორზე მეტი სესია ჩატარებულიყო.

წარსულში, 1988 წლიდან მოყოლებული სამი საპრეზიდენტო დებატები იმართებოდა: ტეხასის, ვირჯინიისა და იუტას უნივერსიტეტებში.

დებატებში მონაწილეობისთვის CNN-ის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, რობერტ ფ. კენედი უმცროსმა. მას სჭირდებოდა, რომ საარჩევნო ბიულეტენში ყოფილიყო იმდენ შტატში, რომ ამომრჩეველთა კოლეგიაში 270 ხმის მოპოვება შეძლებოდა. კენედი უმცროსის პოტენციური საარჩევნო ხმების რაოდენობა მხოლოდ 142 არის.

ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატთა დებატი შესაძლოა 23 ივლისს ან 13 აგვისტოს შედგეს.

იტვირთბა....