ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

პრემიერი ამტკიცებს, რომ სიღარიბე შემცირებულია, დასაქმებულთა რაოდენობა კი რეკორდული

პრემიერი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ სიღარიბის მაჩვენებელი რეკორდულად არის შემცირებული, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია.

პრემიერმა ამის შესახებ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

მოხარული ვარ, რომ ახალი მთავრობის საქმიანობის პირველი თვეების განმავლობაშიც აღინიშნა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, დღეს გამოქვეყნდა უკვე მაისის მონაცემები, დაფიქსირდა 9.2 პროცენტი ეკონომიკური ზრდა.
განსაკუთრებული მადლობა ეკონომიკურ გუნდს, მინისტრს. 5 თვის საშუალო ზრდის მაჩვენებელი არის 9.3 პროცენტი, რაც არის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თუ არა, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.
მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი დონე, საგარეო ვალის კუთხით, ბიუჯეტის დეფიციტი, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ინფლაცია, ყველა მიმართულებით ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი დონით – ინფლაციას რაც შეეხება იანვარ-აპრილში დაფიქსირდა 0.6 პროცენტი, რაც არის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი ევროპაში. ასევე ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა წლევანდელი ბიუჯეტის 360 მილიონი ლარით გაზრდის საშუალება და შესაბამისი ცვლილებები იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის წინაშე, სულ მცირე 360 მილიონი ლარით გაიზრდება წლევანდელი ბიუჯეტი.
რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონეზე, ამ საკითხთან დაკავშირებითაც ხშირად გვესმის ხოლმე ჩვენ სპეკულაციები. მაგალითისთვის, ავიღოთ უმუშევრობის მაჩვენებელი, რომ შევადაროთ  წლის პირველი კვარტალი წინა წლის პირველ კვარტალს, 4 პროცენტული პუნქტით შემცირდა უმუშევრობა საქართველოში და შეადგინა 14 პროცენტი, დამატებით დასაქმდა 130 ათასი ადამიანი და რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს დასაქმების კუთხით, მილიონ 400 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული, რაც არის ისტორიული რეკორდი 90-იანი წლების შემდეგ.
რაც შეეხება სიღარიბეს, 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 30 პროცენტი, შესაბამისად, მილიონ 100 ათასზე მეტი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა. 2023 წლის მონაცემები გამოაქვეყნა საქსტატმა და სიღარიბე არის შემცირებული 11.8 პროცენტამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს საქართველოში 435 ათასი ადამიანი, ესეც ჩვენთვის არის სამწუხარო და შემაშფოთებელი მაჩვენებელი, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა სიღარიბის საბოლოოდ აღმოფხვრა, მაგრამ ასევე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ მილიონ 100 ათასი ადამიანიდან სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა 435 ათას ადამიანამდე ჩვენი ხელისუფლების პირობებში,“ – ამბობს კობახიძე.

იტვირთბა....