ახალი ამბები მთავარი

ლევან იზორია: “ფარული ვიდეოები აიტვირთა უკრაინიდიან, შევედეთიდან და ლიტვიდან”

სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე ლევან იზორია არ გამორიცხავს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, რუსეთის სპეცსამსახურების ხელშიც იყოს – ამის შესახებ მან გუშინ სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ ვამბობთ, რომ არც ერთი ვერსიის გამორიცხვა არ შეიძლება. შესაბამისად, ცალსახად თანხმობის ან უარყოფის საფუძველი ნამდვილად არ მაქვს, ყველანაირი ვერსიის დაშვება შეიძლება”, – განაცხადა იზორიამ.

მისივე თქმით, კადრების გატანას ერთი დღე სჭირდება, 2012 წლის 1-ელი ოქტომბრიდან კი, ვიდრე ახალი ხელისუფლება უფლებამოსილებას გადაიბარებდა, ამ კადრების გატანისთვის დაახლოებით 25 დღე ჰქონდათ.

ის ასევე აღნიშნავს, რომ სამართლებრივი დახმარებისთვის საერთაშორისო მომსახურების ცენტრებს მიმართეს, მათი ინფორმაციით კონკრეტული ვიდეოები აიტვირთა კონკრეტული ქვეყნებიდან: უკრაინიდან, შვედეთიდან და ლიტვიდან.

„რეაგირებას მაშინვე ვერ მოვახდენდით, რადგან უფლებამოსილებას არ ვახორციელებდით. არსებობს ფაქტები იმისა, რომ ხდება ამ კადრების გავრცელება უცხოეთიდან. თქვენ გახსოვთ, ჩვენ გარკვეული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში სამართლებრივი დახმარებისთვის მივმართეთ საერთაშორისო მომსახურების ცენტრებს, ლაპარაკია Google-ზე, Facebook-ზე, Youtube-ზე. მათ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ კონკრეტული ვიდეოები აიტვირთა კონკრეტული ქვეყნებიდან, საუბარი იყო უკრაინაზე, შვედეთზე და ლიტვაზე. შესაბამისად, ფაქტები მოწმობს, რომ კადრები გატანილია”, – განაცხადა იზორიამ.

იტვირთბა....