ახალი ამბები მთავარი

ჟოზეფ დოლი: „თამასა, რომელიც მთავრობამ დააწესა, ივნისის თვე, ძალიან მაღალია“

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჟოზეფ დოლი საქართველოშია. როგორც მან განაცხადა, ვიზალიბერალიზაციის პროცესი დასრულებული არ არის და საბოლოო გადაწყვეტილებამდე საქართველოს გარკვეული გზა აქვს გასავლელი. დოლის აზრით, მოსახლეობას არ უნდა მიეცეს ისეთი იმედი, რომელიც დროის გასვლის შემდეგ იმედგაცრუებით დასრულდება, რადგან საქართველოს ხელისუფლების წევრთა განცხადებები, რომ ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთვის ივნისში მოხდება, ხმამაღალია. იქვე განმარტავს, რომ ევროპის სახალხო პარტიამ ყველაზე მეტი იმუშავა, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისა და გასაწევრიანებლად.

„ვხედავ, რომ დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩემს განცხადებას ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. მესმის, რომ ამ თემაზე ბევრი იწერება – ეს თქვენი სამუშაოა, მე მიყვარს პრესა და მესმის დამოუკიდებელი მედიის როლი. მაგრამ, მსურს ერთი რამ გითხრათ: სწორედ ჩვენი პარტია იყო ის, ვინც ყველაზე მეტი იმუშავა და მუშაობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისა და გაწევრიანებისთვის. რაც შეეხება ვიზებს და იმას, რაც მე ვთქვი, მე გულწრფელი ადამიანი ვარ. მართალია ევროკომისიამ ვიზების საკითხი გადაწყვიტა, მაგრამ წინაა საბჭოს გადაწყვეტილება, ასევე ევროპარლამენტის კენჭისყრა. თამასა, რომელიც მთავრობამ დააწესა, ივნისის თვე, ძალიან მაღალია. მე პირველი ვიქნები ვინც ვიზალიბერალიზაციის მომხრეა, მაგრამ მე არ მინდა იმედების გაცრუება. შეგახსენებთ, რომ ეს ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის და მოქალაქეები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ ეს პროცედურა გრძელდება, რაც ნორმალურია. ეს წესი მოქმედებს არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც. მანამდე კი, რასაც ჩვენ ყოველთვის ვითხოვდით, ეს არის კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და კორუფციასთან ბრძოლა. ამიტომაც ვარ აქ, რომ ადგილზე შევისწავლო სიტუაცია, განვიხილო ეს თემები ხელისუფლებასთან, ჩვენს პარტნიორ პარტიასთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან, ვიმსჯელოთ როგორ ვითარდება ქვეყანა და როგორ შეიძლება დავაჩქაროთ პროცესები, რომ საქართველომ, როგორც ევროპულმა ქვეყანამ, მეტი სარგებელი მიიღოს. სწორედ ესაა ჩემი აქ ჩამოსვლის მიზანიც,“ – განაცხადა ჟოზეფ დოლიმ.

 

მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები დახვდნენ.

 

 

იტვირთბა....