ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

„გზა მშვიდობისკენ, ან ომისკენ“: სავჩენკო შიმშილობას იწყებს

„ჩემით შეიძლება, დაიწყოს გზა მშვიდობისკენ, ან ომისკენ,“ – ამის შესახებ უკრაინელმა მფრინავმა ნადია სავჩენკომ საკუთარ წერილში განაცხადა, რომელიც დღეს მისმა ადვოკატმა, მარკ ფეიგინმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განათავსა. ნადია სავჩენკო არ აპირებს იყოს პოლიტიკოსებს შორის სავაჭრო საქონელი და საკუთარი ბედის გადაწყვეტას თავად გეგმავს.

„სასამართლო არის ფარსი, განაჩენი – ბლეფი. ვაჭრობა მოხდება. ყველა შეეცდება, ჩემით მიიღოს, რაც შეიძლება მეტი და დაელოდება მოსახერხებელ მომენტს, რათა საკუთარი ქულები არ დაეკარგოს. მე პოლიტიკოსების სავაჭრო საქონელი არ გავხდები, ამიტომ ჩემს ბედს გადავწყვეტ თვითონ. პოლიტიკოსებს ვურჩევ, არ ივაჭრონ ჩემით, არამედ მიაღწიონ შეთანხმებას, რადგან ჩემი სიკვდილით ვერვინ მოიგებს. ჩემით შეიძლება, დაიწყოს გზა მშვიდობისკენ, ან ომისკენ,“ – წერს სავჩენკო.

ის დარწმუნებულია, რომ მასზე ზეწოლა გაძლიერდება, თუმცა გამოთქვამს მზადყოფნას, გაუძლოს მას. ასევე თავის წერილში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 6 აპრილიდან მშრალი შიმშილობის გამოცხადებას გეგმავს.

„შიმშილობას დავიწყებ 6 აპრილიდან და გამარჯვებამდე არ შევწყვეტ. აქედან გამოვალ პირდაპირ უკრაინაში და არავითარ კოლონიაში,“ – წერს სავჩენკო.

შეგახსენებთ, სავჩენკოს 2014 წელს ლუგანსკის ოლქში ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში ადანაშაულებენ, თავად დაკავებული ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ის სეპარატისტებმა, ჟურნალისტების დაღუპვამდე ტყვედ აიყვანეს და რუსულ მხარეს გადასცეს. ის რუსეთის სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

იტვირთბა....