„საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია“ ხელისუფლებას სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებს
კახეთის საინფორმაციო ცენტრი პრემიერ-მინისტრის სახელზე მიმართვას ავრცელებს.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი 19 და 28 მარტს ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი აგრესიის, ფიზიკური შეურაცხყოფის და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე საქართველოს პრემიერ- მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს. მედიაორგანიზაციის განცხადებით, დაუსჯელობის სინდრომი ბუნებრივად იწვევს უფრო მძიმე სამართალდარღვევებს.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი ითხოვს, ხელისუფლებამ უზრუნველყოს ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და თანაბარი ხელმისაწვდომობა საჯარო ინფორმაციაზე.
„მეტრონომი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს
ბატონო გიორგი,
ბოლო პერიოდში, კახეთის რეგიონში, განსაკუთრებით კი ახმეტის მუნიციპალიტეტში, ინტენსიური ხასიათი მიიღო საჯარო მოხელეების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ აგრესიის გამოხატვის, მათი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, პროფესიული საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებმა.
კერძოდ, 2016 წლის 28 მარტს, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის და
ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ლუხუმ შეთეკაურმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებს თამარ მოდებაძესა და ზაურ ზავრაშვილს, რომლებიც პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა .
თანამდებობის პირის გაღიზიანება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ კახეთის საინფორმაციო ცენტრი ამზადებდა სიუჟეტს ახმეტის მუნიციპალიტეტში კორუფციის კიდევ ერთ შესაძლო ფაქტზე, რომელშიც მაღალი ალბათობით თავად ლუხუმ შეთეკაურიც არის ჩართული.
განმარტების მიღების მიზნით, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებმა ლუხუმ შეთეკაურს გამგეობის შენობაში, სამუშაო ოთახში მიაკითხეს, განუმარტეს რომ იყვნენ კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან და რა საქმეზეც სურდათ კითხვებზე პასუხის მიღება. პირველივე კითხვას ასეთი პასუხი მოჰყვა:
„დავაი, დაახვიეთ აქედან. დაახვიეთ მეთქი, პროვოკატორი ხარ, ვიღაცა ხარ“, – ამ სიტყვებით და ფიზიკური ძალის გამოყენებით გამოაძევა გამგეობის თანამდებობის პირმა სამუშაო კაბინეტიდან ჟურნალისტები. ვინაიდან ჟურნალისტმა კითხვების დასმა ოთახის გარეთაც გააგრძელა, ლუხუმ შეთეკაურმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ოპერატორს ხელი დაარტყა, შემდეგ კი ოპერატორი ძალის გამოყენებით სხვა ოთახში შეაგდო და მისი ჩაკეტვაც სცადა, რომლის საშუალებაც მას ჯგუფის დანარჩენმა წევრებმა არ მისცეს“.
P.S. „საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია“, რომელიც “ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის” (www.ifj.org) ერთადერთი წევრია საქართველოში, მოუწოდებს ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს სათანადო ყურადღება დაუთმოს აღნიშნულ წერილს და დროულად მოხდეს კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე სათანადო რეაგირება.