პარლამენტი “ოფშორების კანონზე” პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს.
პრეზიდენტის შეფასებით, ეს საკანონმდებლო ცვლილებები სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების შემცველია. მისივე თქმით, მიუღებელი და დაუშვებელია კანონის დაჩქარებული წესით მიღება. პრეზიდენტი წერს, რომ ეს კანონი დისკრიმინაციულ გარემოს ქმნის ინვესტორებისა და მათი ინვესტიციებისთვის. ზურაბიშვილი ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია, არ შეიქმნას ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით კანონისთვის გვერდის ავლის რისკი. პრეზიდენტი ასევე მიუთითებს, რომ კანონში წარმოდგენილი არ იყო ფინანსური დასაბუთება.
ოპოზიცია ამ კანონის დაჩქარებული წესით მიღებას ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” 2021 წლის კვლევის მიხედვით ბიძინა ივანიშვილი 20 ოფშორულ კომპანიას ფლობდა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებით, შესაძლებელია, ოფშორებთან დაკავშირებული ცვლილებები ბიძინა ივანიშვილის ინტერესები იყოს, თუმცა ეს ასევე გაზრდის საქართველოში კრიმინალური და რუსული წარმომავლობის კაპიტალის შემოსვლის რისკს.