ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტ ჯოზეფ დოლის განცხადებები პარტიასთან შეთანხმებული არ ყოფილა. ამის შესახებ Euronews.ge წყაროზე დაყრდნობით წერს.
წყაროს თქმით, ჯოზეფ დოლს ცალსახად არ აქვს დამოუკიდებლად ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების უფლება. ის ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტია, რომელიც გაერთიანების ადმინისტრაციულ მართვას უწევს კოორდინაციას, ხოლო ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის (რომელსაც 221 წევრი ჰყავს) თავმჯდომარე არის მანფრედ ვებერი (Manfred Weber), რომელიც ევროპარლამენტში ფრაქციის პოლიტიკური საქმიანობის მიმართულებებს და პოლიტიკის გატარებას განსაზღვრავს.
შეგახსენებთ, დოლიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ საქართველო უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან იმ შემთხვევაში შეძლებს თუ ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩაატარებს. მანამდე ევროპარლამენტი ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ EPP-ის პრეზიდენტი დღეს ჩამოდის საქართველოში და სავარაუდოდ ადგილზე გააკეთებს გარკვეულ განმარტებებს აღნიშნულ საკითხთან მიმართებით.